მალხაზ მაჩალიკაშვილი - შემდეგი ეტაპი არის სტრასბურგი, აქციები და პროტესტი ჩემ ხალხთან ერთად
მალხაზ მაჩალიკაშვილი - შემდეგი ეტაპი არის სტრასბურგი, აქციები და პროტესტი ჩემ ხალხთან ერთად

შემდეგი ეტაპი არის სტრასბურგი, აქციები და პროტესტი ჩემ ხალხთან ერთად, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი აჩვენებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ეშინია სიმართლის დადგენის.

„მე ეს ვიცოდი, რომ არ შეიქმნებოდა კომისია. ​მე მქონდა უკანასკნელი იმედი, რომ შექმნიდნენ ამ კომისიას და გაარკვევდნენ ყველაფერს, მაგრამ მათ ასეთ ჩათვალეს, რომ ვითომ გამოძიება მიმდინარეობს და პარლამენტის მიერ გამოსაძიებელი არაფერია.

გამოძიება წელიწადნახევარია უკვე მიმდინარეობს. ეს მიგვანიშნებს, რომ საქმეს აჭიანურებენ, რომ როგორმე ეს ბინძური ტყავი მიიტანონ 2020 წლის არჩევნებამდე და თემირლანის საქმეზე რეალობა არ გაირკვეს.

კომისიიის შექმნაზე უარი რომ თქვეს, ჩემთვის ესეც მისაღებია, ესეც მჭირდებოდა.. როგორც კომისიის შექმნა მჭირდებოდა ისე მჭირდებოდა ეს უარი. ეს მაძლევს იმას, რომ ამათმა მთელ საზოგადოებას უთხრეს, რომ ჩვენ გვეშინია კომიიის შექმნისო. უმრავლესობიდან კაციშვილი მხარს არ დაუჭერდა ვიცოდი, რადგან ამას მხარს არ უჭერს ივანიშვილი.

ჩემ შემდგომ ბრძოლის ნაბიჯებს რაც შეეხება, შემდეგი ეტაპი არის სტრასბურგი, აქციები და პროტესტი ჩემ ხალხთან ერთად. ახლა ევროპაშიც მუშაობს ჩეჩნური დიასპორა და ქართული დიასპორა და ეს მიიღებს ისეთ ხასიათს, რომ მეტიც არ შეიძლება, აუცილებლად იქნება აქციები“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. შესაბამის დადგენილებას მხოლოდ 30-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა. ფრაქციამ საქართველოს პარლამენტს განსახილველად შესაბამისი დადგენილება თებერვალში წარუდგინა.