მალხაზ მაჩალიკაშვილი - მე იმაზე უარესებიც მითქვამს, რაც სუს-მა გამოაქვეყნა 
მალხაზ მაჩალიკაშვილი - მე იმაზე უარესებიც მითქვამს, რაც სუს-მა გამოაქვეყნა 

მე უარესებიც მითქვამს, რაც სუს-მა გამოაქვეყნა, – ამის შესახებ პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომელიც დაკითხვაზე მისვლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ გეგმავს.

მალხაზ მაჩალიკაშვლის განცხადებით,  რომც დააკავონ, პარლამენტთან აქციებს მისი ოჯახი მაინც გააგრძელებს.

როგორც მაჩალიკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, ე.წ. ტერაქტის მზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე არც დღეს მივა.

„რომც დამიჭირონ, ჩემს ზურგს უკან დგას ძალიან ბევრი ხალხი. გუშინ ევროპაში ქართველთა და ჩეჩენთა დიასპორა შეიკრიბა. ეს ამათ არ შერჩებათ. რაც სუს-მა გამოაქვეყნა, ამით ისტორიას ძალიან დიდი წერტილი დაუსვა. ამ შეცდომას ვერ გამოასწორებენ. მათ აქვთ არა მარტო ის აუდიოჩანაწერი, რაც გამოაქვეყნეს, არამედ უფრო უარესი საუბრებიც მქონია. ეს ჩემი ფიქრებია. როცა ესენი მამწარებენ და მამწყვდევენ კუთხეში. ამათ ერთი სიტყვის თქმით – ბოდიშით შეეძლოთ, რომ ეს ცხრა თვე აქ არ გამეტარებინა. ეთქვათ, ბოდიში ბატონო ვახა, მომივიდა შეცდომა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, მის ადგილას ნებისმიერი ადამიანი უარესს იტყოდა და განახორციელებდა კიდეც.

„თუმცა მე ამას არ ვაკეთებ და არც გავაკეთებ. მე ამ ქვეყნის შვილი ვარ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, დუისში სპეცრაზმი ერთადერთი მიზნით მივიდა – მოეკლათ თემირლან მაჩალიკაშვილი.