მალხაზ მაჩალიკაშვილი - ხელისუფლება ელოდება, როდის დავვარდები მუხლებზე, ეს არ მოხდება, მე ჩემი გეგმები და სტრატეგია მაქვს
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ხელისუფლება ელოდება, როდის დავვარდები მუხლებზე, ეს არ მოხდება, მე ჩემი გეგმები და სტრატეგია მაქვს

ხელისუფლება ელოდება, როდის დავვარდები მუხლებზე, ფიქრობენ, რომ თემირლანის საქმე ჩაიფარცხება, ტყუილად ირჯებიან, ჩემი გეგმები და სტრატეგია მაქვს, – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციების გამართვა დაიწყეს.

„თემირლანის მკვლელობიდან თითქმის წელიწადნახევარი გავიდა. ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრი რამ გადავიტანე. დღეს პრეტენზია მაქვს ხელისუფლებასთან. სანამ ხელისუფლება შვილის მკვლელობისთვის და ჩემი ამ დღეში ჩაგდებისთვის პასუხს არ აგებს, მანამდე გაგრძელდება აქციები. რამდენიმე დღის შემდეგ გავაკეთებ განცხადებას, რა მასშტაბით ვგეგმავთ ბრძოლის გაგრძელებას. მიუხედავად იმისა, რომ დავიღალე და წაქცევის პირას ვარ, გავძლიერდები და გავაგრძელებ ბრძოლას ჩემს ნამუსიან და ღირსეულ ადამიანებთან ერთად.

თემირლანის საქმე არ იყო სამი დღის გამოსაძიებელი საქმე, მთელი ხელისუფლება ელოდება, როდის დავვარდები მუხლებზე, მაგრამ ტყუილად ირჯებიან. ფიქრობენ, რომ მაჩალიკაშვილი გატყდება და თემირლანის საქმე ჩაიფარცხება. მე ჩემი გეგმები და სტრატეგია მაქვს, თუმცა სამართლისა და კანონის ჩარჩოებს არ გავცდები. ასე ვაპირებ, რომ ხელისუფლებას თავზე დავამხო თავიანთი ხელისუფლება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, სამომავლოდ აქციების გამართვას გეგმავს პანკისის ხეობაში, ყველა ძალოვან სტრუქტურასთან და ასევე ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭირო იქნება. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ასევე სუს-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზეც ისაუბრა.

„წელიწადნახევარია, ხელისუფლება ცდილობს ჩემს განადგურებას, სწორედ ამიტომ იყო ის ჩანაწერებიც ჩემ წინააღმდეგ. ხელისუფლება ჩემი ლაპარაკის მონტაჟს აკეთებს, უნდათ, იქნებ რამე შეცდომა დავუშვა, მერე ყელში წამიჭირონ და ეს ყველაფერი ჩავყლაპო, მაგრამ ეს არ მოხდება. ვიცოდი, რომ ჩემი ჩაწერა ხდებოდა ჩემს ძმისშვილთან, მაგრამ საუბარში არანაირი მტკიცებულებები არ არის. კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ვამბობ, ვიცოდი, რომ ხელისუფლება ამ საუბარს წამოეკიდებოდა. იმ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ სოსო გოგაშვილი არ შემხმიანებია. გოგაშვილი არის დამფრთხალი. ლაჩრად მივიჩნევ და მასთან ბრძოლის სურვილი დამეკარგა. თუ უნდა, შემებრძოლოს, მე ერთი ადამიანი ვარ. მისი განადგურება იარაღით რომ მდომოდა, სამ დღეში გავანადგურებდი, მაგრამ ეს არ მჭირდება, ჩემი საყვარელი ქართველი ხალხის ხათრით არავის სისხლი არ მჭირდება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.