მალხაზ მაჩალიკაშვილი - ეჭვი რომ მქონოდა, ჩემი შვილი რაიმეში იყო გარეული, პოლიციას ჩემი ხელით ჩავაბარებდი
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ეჭვი რომ მქონოდა, ჩემი შვილი რაიმეში იყო გარეული, პოლიციას ჩემი ხელით ჩავაბარებდი

პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა  მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის მიერ პანკისელი უხუცესებისთვის წარდგენილი მასალით არ დაინტერესებულა. მისი თქმით, მცირეოდენი ეჭვიც რომ ჰქონოდა, თავისი შვილი რაიმეში იყო გარეული, საკუთარი ხელით ჩააბარებდა პოლიციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი მასალები პანკისელ უხუცესებს 30 დეკემბერს მიაწოდეს. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ობიექტურ გამოძიება ითხოვს.

„მე იმ კადრებით არც დავინტერესებულვარ. დღევანდელ ცხოვრებაში ყველაფრის შექმნა შეიძლება, გაყალბება შეიძლება. ჩალით ხომ არ არის დახურული ეს ქვეყანა? ან რაღაცაში ხომ უნდა დაადანაშაულონ ეს ბავშვი? მართლა უდანაშაულო ბავშვია. ის რომ რაღაცაში იყოს გარეული, ცოტა ეჭვიც რომ მქონოდა, მე მაგას ჩემი ხელით ჩავაბარებდი პოლიციას.

ტელეფონის ნომერი გადაკეთებულია, სურათია გადაღებული სადღაც ჯიხურთან ზის. მართალია, მე თვითონ არ მინახავს, მაგრამ მომაწოდეს ეს ინფორმაციები. რამდენი ხალხი ჩამოდის თბილისში, ზოგს გაყვებოდა ხოლმე ტელეფონის საყიდლად. სადღაც ვიღაცას რომ გაყვება, მაგას შუბლზე ხომ არ აწერია ვინ არის, საიდან არის. ეს მთავრობამ და სასაზღვრომ უნდა იცოდეს, ვინ შემოდის, ვინ გადის“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩლიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაშია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად თბილისში უცხოელ სპეციალისტებს ელოდებიან.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან  მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.