მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს სუს-ში დაკითხვაზე მივა
მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს სუს-ში დაკითხვაზე მივა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დღეს, 15:00 საათზე მივა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი უარყოფს ბრალდებას, რომელსაც მას სუს-ი უყენებს. მისი თქმით, ბრალდებები აბსურდულია და მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას და საზოგადოების მხრიდან მის წინააღმდეგ აგრესიის გაღვივებას.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, არაფერი ჩაუდენია ისეთი, რომ დააკავონ. მაჩალიკაშვილის განმარტებით, მის წინააღმდეგ პროვოკაციებს აქვს ადგილი.

„ესენი წელიწადზე მეტი ხანია, ყველა სიბინძურეს სჩადიან, რომ ან დამაკავონ, ან რამე პროვოკაციაზე წამომაგონ, სადღაც შემიტყუონ, ან რაღაც ჩამადენინონ. ეს უკვე დიდი ხანია, გრძელდება. ამაზე მე ყოველთვის საჯაროდ ვაცხადებდი. ფაქტია, ხვალ მივდივარ დაკითხვაზე უსაფრთხოების სამსახურში, სადაც ჩემთვის მისვლა ისეთი მძიმეა, ვერც აღვწერ. სუს-ში მოვითხოვ, დამკითხონ მაგისტრატ მოსამართლესთან. ვაპირებ ამ წინადადების წამოყენებას. თუ კანონით ამის შესაძლებლობა იქნება, ამას გავაკეთებ. თუ არა და მინდა თუ არა, მომიწევს, ჩემი შვილების მკვლელებმა დამკითხონ. ხვალ დამაკავებენ თუ არა, არაფერი შეიცვლება. ვიქნები გარეთ, მე გავაგრძელებ აქციას, არ ვიქნები, ჩემი მეუღლე გააგრძელებს. ჩემს თავისუფლებაზე თუა საუბარი, თითქმის წელიწადნახევარია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ, არა თავისუფლებაზე“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილის დაკითხვა განხორციელდება იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება დაიწყო. გამოძიების საფუძველი იყო 2018 წელს მაისის თვეში პარლამენტის წინ მიმდებარე აქციებისას მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება.

„გამოძიების საფუძველი იყო 2018 წელს მაისის თვეში პარლამენტის წინ მიმდებარე აქციებისას მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება. ვნახავთ, რა კითხვები ექნება საგამოძიებო ორგანოს”-განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

რაც შეეხება მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვას, იურისტის განმარტებით, ამ შემთხვევაში აღნიშნული წესის გამოყენება ვერ მოხერხდება, ვინაიდან არის სამართლებრივი შეუსაბამობა.

„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 18 323-ე მუხლებით, რაც ნიშნავს. ეს ის მუხლია, რომელზეც ვრცელდება დაკითხვის ძველი წესი, რაც გულისხმობს, რომ დაკითხვა განხორციელდეს 1998 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, რომელიც არ ცნობს მოწმის სტატუსის შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვას. ჩვენ არ ვართ მხარე. მალხაზ მაჩალიკაშვილს არ წარდგენია ბრალი, შესაბამისად, ის არ არის ბრალდებული და აქვს მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სტატუსი“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვლი მზად არის, უპასუხოს ყველა რელევანტურ კითხვას.

რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის სურვილს, დაიკითხოს მაგისტრატ მოსამართლესთან ერთად, ადვოკატის თქმით, მან ამის თაობაზე უკვე გაიარა კონსულტაციები.

„მალხაზ მაჩალიკაშვლმა ჩვენთან ​უკვე გაიარა კონსულტაციები და ავუხსენით, რომ ამ შემთხვევაში, ვინაიდან იგი მოწმის სტატუსით იკითხება, არ მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლი, რომ დაცვის მხარეს უფლება ჰქონდეს, მოითხოვოს მაგისტრატ მოსამართლესთან ერთად მოწმის დაკითხვა, ვინაიდან სისხლის სამართლის სამართლის საქმეში ბრალი არ არის წაყენებული, შესაბამისად, ჩვენ არ ვართ მხარე. ხვალ მივდივართ უბრალოდ მოწმის მოწმის სტატუსით“, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტს სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გეგმავდა.