მალხაზ მაჩალიკაშვილი - არ ვარ ტერორისტის მამა, აღიარონ, რომ მათ ბინა შეეშალათ
მალხაზ მაჩალიკაშვილი - არ ვარ ტერორისტის მამა, აღიარონ, რომ მათ ბინა შეეშალათ

არ ვარ ტერორისტის მამა, აღიარონ, რომ მათ ბინა შეეშალათ, – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პროკურატურის დადებული პირობა, რომ ორ თვეში საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დადებდა საგამოძიებო უწყება, არ შესრულდა.

„6 მაის იყო პირობა დადებული პარლამენტთან შეთანხმებით, რომ ორი თვის განმავლობაში შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დადებდნენ თემირლანის საკითხთან დაკავშირებით. გამოდის, რომ პროკურატურამ შეიყვანა პარლამენტი შეცდომაში და შემაჯამებელი არ დაიდო. გავიდა უკვე ორ თვეზე მეტი, პასუხი არანაირი არ არის, გამოძიება არ არის, უბრალოდ ხდება დროის გაწელვა. ამ ხელისუფლების პირობებში არ იტყვიან, რომ ჩვენ დავაშავეთო. ამას გარდა, იქ შიგნით, ხელისუფლებაში, იმაზეც საუბრობენ, რომ სახელმწიფოს შეცდომის აღიარების გარდა, ყველაფერზე წავლენ. ესენი არიან გაყიდული არარაობა, პროკურატურასაც, პარლამენტიც, შს სამინისტროც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. ესენი ჩემთვის არიან ერთი ნაგავი, რომელიც იხარშება რუსეთის მონობაში.

გააგებინეთ ხალხს, რომ მე არ ვარ ტერორისტის მამა, თემირლანი არ ყოფილა არათუ ტერორისტი, არამედ ეჭვიმტანილიც კი და აღიარონ, რომ მათ შეეშალათ ბინა. აი ამას მოვითხოვ“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა

ამასთან მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, პარლამენტს მიმართავს, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მისი თქმით, საკანონდებლო ორგანოში საშემოდგომო სესიაზე 100 ათას ხელმოწერას მიიტანს. მაჩალიკაშვილის განცხადებით ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია.

„გუშინ აქციაზე რამდენჯერმე ჩემი ყურებით გავიგე, ჩვენ ხელს არ მოვაწერთ, ის ტერორისტი მამაა, მისი შვილი ტერორისტი იყო. ვინც მაგას ამბობს, მის ოჯახში გაიზარდოს ნამდვილი 10-10 ტერორისტი, ივანიშვილის ოჯახიდან დაწყებული“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.