მალხაზ კობაურის ადვოკატი - პროკურატურამ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების 95% საქმიდან გაიტანა და 100-მდე მოწმეზე უარი თქვა
მალხაზ კობაურის ადვოკატი - პროკურატურამ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების 95% საქმიდან გაიტანა და 100-მდე მოწმეზე უარი თქვა

ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამ საქმეში არსებული 12 ტომიდან 11 გამოკვლევიდან მოხსნა.

„პროკურატურამ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების 95% საქმიდან გაიტანა და 100-მდე მოწმეზე უარი თქვა. ისინი ამ ფორმით ცდილობენ ბრალის დამტკიცებას, რაც სრულიად წარმოუდგენელია“, – აცხადებს ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

ადვოკატების განმარტებით, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ნივთიერი მტკიცებულებები გამოკვლეული არ არის.

„არ არსებობს საფუძველი იმის, რომ მას რაიმე ფორმით ბრალი დაუმტკიცონ. ეს ყოველივე ბრალდების მტკიცებულებების არაეფექტურობაზე მიუთითებს. ან უბრალოდ პროკურატურამ დაკარგა ინტერესი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ რაიმე ფორმით კომუნიკაცია აქვთ ნაფიც მსაჯულებთან“,- ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

კითხვები აქვს ბრალდებულის მეორე ადვოკატ ვასილ მამულაშვილსაც. მისი თქმით, არათუ ამ ტიპის საქმეზე, არამედ ნაკლებად მძიმე საქმეებზეც კი 20 მოწმე ძალიან ცოტაა.

„ვვარაუდობთ, რომ ეს სტრატეგიაა, მაგრამ რისკენ არის მიმართული, არ ვიცით. პროკურატურა არ გამოკითხავს დაზარალებულის ოჯახის წევრებს, ხადას მცხოვრებლებს, არც ძირითად გამომძიებელს. ფაქტია, არსებობს კითხვის ნიშნები. ვფიქრობ, ისინი უბრალოდ ვერ ჩაეტიენ შემჭიდროვებულ ვადებში“,-აცხადებს ადვოკატი.

გორის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულის ადვოკატები, მათ მიერ წარმოდგენილ ყველა მოწმეს გამოკითხავენ, მათ შორის ექსპერტებს.  მათი განცხადებით, საქმის განხილვა ამ კვირაში დასრულდება.

შეგახსენებთ, პროკურატურამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეები დასკვნით სიტყვებს 25 მარტს წარადგენენ, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის მისაღებად სათათბიროდ გავლენ.

პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.