მალხაზ კაპანაძე - შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების შემთხვევაში, დევნა ნებისმიერი პირის მიმართ დაიწყება 
მალხაზ კაპანაძე - შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების შემთხვევაში, დევნა ნებისმიერი პირის მიმართ დაიწყება 

თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხდა, რომ თუ შეგროვდება მტკიცებულებები, ნებისმიერი პირის მიმართ დაიწყება დევნა.

მალხაზ კაპანაძემ კომისიის წევრის, ეკა ბესელიას ორ კითხვას უპასუხა. კაპანაძემ განმარტა ექსპერტიზის დანიშვნისა და პასუხების ურთიერთკავშირი.

როგორც მალხაზ კაპანაძემ აღნიშნა, გამოძიება ყოველთვის მზად არის, ჩატარდეს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება და მზად არის, ყოველდღიურ რეჟიმში მოიპოვოს ახალი მტკიცებულებები.

„ექსპერტიზა როდესაც დაინიშნა, მოგვცა კითხვებზე პასუხი, ამით განისაზღვრა ჭრილობის ხანდაზმულობა და ხარისხი, ხოლო ტანსაცმელზე ჩატარებულმა კვლევამ გვითხრა, რომ ეს ჭრილობები იყო განვითარებული ბასრი საგნით. იმ გარემოებით, რომ ექსპერტიზა დაინიშნა 12 დეკემბერს, არაფერი შეცვლილა. რა კითხვებზეც გვჭირდებოდა პასუხი, მივიღეთ. შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შეიძლებოდა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გვქონდა მხოლოდ 30 დღიანი შემჭიდროებული ვადა. ამ ვადაში ჩატარდა 600-700 საგამოძიებო მოქმედება. შესაძლოა, ამ ვადებმა გარკვეულწილად გამოძიების ხარისხზე იმოქმედა, თუმცა მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდა, რომ დადგენილიყო ჭეშმარიტება. ამჟამად მიმდინარეობს გამოყოფილი საქმის გამოძიება და ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც შეგროვდება მტკიცებულებითი სტანდარტი, იმ პირის მიმართ დაიწყება დევნა”, – განაცხადა პროკურორმა.

ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.