მალხაზ კაპანაძე - მირზა სუბელიანი კადრების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო და სისხლის სამართლის საქმეებთან, მტკიცებულებებთან არასდროს ჰქონია შეხება
მალხაზ კაპანაძე - მირზა სუბელიანი კადრების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო და სისხლის სამართლის საქმეებთან, მტკიცებულებებთან არასდროს ჰქონია შეხება

როცა დანაშაული მოხდა, მეორე თუ მესამე დღეს მირზა სუბელიანმა განცხადება თავისი სურვილით დაწერა და პროკურატურიდან წავიდა, რათა საზოგადოების ნაწილს საქმის ობიექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით შეკითხვები არ გასჩენოდა, – განაცხადა თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ის კადრების დეპარტამენტის თანამშრომელი გახლდათ და მის მიერ შესრულებული სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, მას სისხლის სამართლის საქმეებთან, მათ შორის ამ საქმესთან და მტკიცებულებებთან არასოდეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. ერთადერთი შემხებლობა, რაც სუბელიანს აღნიშნულ საქმესთან აქვს, ის იყო, რომ შემთხვევიდან რამდენიმე საათში მან თავისი არასრულწლოვანი შვილი საგამოძიებო ორგანოსთან მიიყვანა და ათანამშრომლა. მირზა სუბელიანის შვილმა ჩვენება მამის თანდასწრებით მისცა, ვინაიდან ის არასრულწლოვანია და ნამდვილად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რათა ცხელ კვალზე გამოძიება სწორ გზაზე დამდგარიყო“, – განაცხადა კაპანაძემ.

ამ განცხადებით მალხაზ კაპანაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა სტატუსი აქვს პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს ან მის ნათესავებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეში.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, დევს თუ არა  საქმეში ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს მირზა სუბელიანი, რომელიც ამ მედიასაშუალების ინფორმაციით, კალანდიების სახლში შედის, საიდანაც შავი პარკებით, მათი თქმით, ბრალდებულების ტანსაცმელი გამოაქვთ, მალხაზ კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს კადრები არის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს გადასცა.

„მოხდა ტირაჟირება, თითქოს, რაღაც დამალული კადრები იქნა აღმოჩენილი და ვიღაცას ხელს აფარებენ, მაგრამ არაერთ პირთან მიმართებით ამ კადრებს ჩვენ მტკიცებულებად ვიყენებთ“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, იმ ქმედებისთვის, რაც კადრებში ჩანს, ბრალდებულია ადამიანი, რომელსაც პარკი გამოაქვს.

„სამწუხაროდ, ბუნებრივია, სიღრმეებში ვერ შევალ და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ტანსაცმელი, რომელიც მან გამოიტანა, გამოძიებას არ დაუკარგავს. პირიქით, ეს ტანსაცმელი გამოძიებამ შემდეგ კვლავ მოიპოვა და ამოიღო. დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაზე ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და ამ ხუთი პირიდან სამი ერთი და იმავე ოჯახის წევრია, რისი პრეცედენტიც აქამდე არ ყოფილა, რომ ერთი ოჯახიდან სამი პირი, მათ შორის თავისი შვილის დანაშაულის დაფარვასთან დაკავშირებით, პასუხისგებაში მიგვეცა. პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს არასდროს დაუმალავთ პირები, რომლებიც კადრებში ჩანან. პირიქით, როგორც ყველა მტკიცებულება, მათ შორის ესეც, დაცვის მხარეს საჯაროდ, სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე გადავეცით“, – განაცხადა მალხაზ კაპანაძემ.