მალხაზ გორგასლიძე - მარნეულში ყველაზე დიდი პრობლემა უკავშირდება წყალმომარაგებას
მალხაზ გორგასლიძე - მარნეულში ყველაზე დიდი პრობლემა უკავშირდება წყალმომარაგებას

მარნეულის რაიონში არის წყალმომარაგებისა და მიწის პრობლემები, – ამის შესახებ „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზის“ მარნეულის მერობის კანდიდატმა, მალხაზ გორგასლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა.

„ეს რაიონი ორი სახელმწიფოს საზღვარზე და ასევე, დედაქალაქსა და ერთ-ერთ დიდ ქალაქს შორის მდებარეობს და განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობისაა. რაიონში ტრადიციულად განვითარებულია სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა. შესაბამისად, იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიწის განაწილების და ზოგადად, მიწის საკითხს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორი ხელშეწყობაა, რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმა და ფერმერებმა მოსავალი მოიყვანონ და რეალიზაცია მოახდინონ“, – განაცხადა გორგასლიძემ.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო კონკურენტული გახდეს, საჭიროა შესწავლა, თუ რამდენი პროცენტი უჭირავს მარნეულის მიერ წარმოებულ პროდუქციას ქართულ ბაზარზე და რა რეგულაციებია შესაქმნელი, რომ ქართული ბაზარი მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოსული პროდუქციისგან იყოს დაცული.

„სახელმწიფომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ბაზარი დაცული იყოს და მარნეულის პროდუქციას გასაღების ახალი, გარე ბაზარი მოუპოვოს, რაც მარნეულის მოსახლეობის კეთილდღეობას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა გორგასლიძემ.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მარნეულში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის წყალმომარაგება. 

„მაგალითად, ისეთი განვითარებული ინფრასტრუქტურის სოფელში, როგორიც წერეთელია, წყალი გრაფიკით მიეწოდებათ და სოფელ საიმერლოს ნაწილსაც გრაფიკით აქვს წყალი“, – განაცხადა გორგასლიძემ.

მისი თქმით, შაუმიანის დევნილები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგად სამაჩაბლოდან დევნილებად იქცნენ. ისინი ჩაიყვანეს, სურათებისთვის კოსმეტიკურად ყველაფერი გააკეთეს და შემდეგ, გაუსაძლის პირობებში მიაგდეს. 21-ე საუკუნეში ადამიანები ასეთ მძიმე პირობებში კიდევ თუ ცხოვრობდნენ, ვერ წარმომედგინა – აბსოლუტური სინესტე, დაავადმყოფებული ბავშვები და მშობლები იძულებული არიან, ისინი თვეში ერთხელ მაინც გადაიყვანონ გადასხმებზე“, – განაცხადა გორგასლიძემ.

მერობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც მარნეულში დახვდა, სახელმწიფო ენის არცოდნაა.

„მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სახელმწიფო ენა საერთოდ არ იცის და ყველაზე კატასტროფული ისაა, რომ ახალგაზრდებმა, მომავალმა თაობამ არ იცის“, – განაცხადა გორგასლიძემ.

მისი თქმით, ეს არის ის საკითხები, რომლის მოგვარებასაც პირველ რიგში დაიწყებს, გამარჯვების შემთხვევაში.