მალიში ამბოხებულმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი კეიტა გაათავისუფლეს
მალიში ამბოხებულმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი კეიტა გაათავისუფლეს

მალიში ამბოხებულმა სამხედროებმა პრეზიდენტ იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტას გათავისუფლების შესახებ განაცხადეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამბოხებულთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კეიტა დილით გაათავისუფლეს და ის სახლში იმყოფება.

კეიტას გათავისუფლება მალის საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის დასავლეთ აფრიკის ქვეყნებისა და საფრანგეთის მთავარი მოთხოვნა იყო. საერთაშორისო პარტნიორებმა გასული კვირის ბოლოს ბამაკოში დელეგაცია გაგზავნეს სახელმწიფო გადატრიალების ლიდერებთან მოლაპარაკებების გასამართად.

ამბოხებული სამხედროების ჯგუფი მალის 18 აგვისტოს შემდეგ აკონტროლებს. ამბოხებულებმა ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე დააკავეს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. მოგვიანებით გავრცელდა პრეზიდენტის ტელემიმართვა, რომელშიც მან გადადგომის შესახებ განაცხადა.

ამბოხებულთა ლიდერები პრეზიდენტ კეიტას მთავრობას ქვეყანაში უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესებაში სდებენ ბრალს.