მალაიზიის სასამართლომ კიმ ჩენ ინის ნახევარძმის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლა
მალაიზიის სასამართლომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის ნახევარძმის მკვლელობაში ბრალდებული ინდონეზიელი ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
სიტი აიზიას ბრალად ედებოდა 2017 წელს კუალა ლუმპურის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამისთვის სახეში ნერვული აგენტის შესხმა.
ბრალდებას უარყოფს მეორე ბრალდებული, ვიეტნამის მოქალაქე ქალი. ორივე ბრალდებულის მტკიცებით, აეროპორტში ფიქრობდნენ, რომ სატელევიზიო შოუს ნაწილი გახდნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ.
კუალა ლუმპურის აეროპორტში ინციდენტი 2017 წლის 13 თებერვალს მოხდა. სათვალთვალო კამერებით ჩაწერილ მასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა კიმ ჩენ ნამს თვალებზე ხელი ააფარა, რის შემდეგაც ორივე მათგანმა ტერიტორია დატოვა. კიმ ჩენ ინის ნახევარძმა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბრალდებული ქალები ამტკიცებდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის შეთქმულებაში უდანაშაულო მსხვერპლები გამოვიდნენ.