მალაიზიის ხელისუფლებამ კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობისთვის გასამართლებული ქალი გაათავისუფლა
მალაიზიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის უფროსი ძმის მკვლელობისთვის გასამართლებული ქალი გაათავისუფლა. ინფორმაციას მსჯავრდებულის ადვოკატი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, 30 წლის დოან ჰიონი სამშობლოში, ვიეტნამში დაბრუნდება. თავდაპირველად მას კიმ ჩენ ნამის განზრახ მკვლელობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად, თუმცა მოგვიანებით ბრალდება გამიზნულად ზიანის მიყენებით შეიცვალა. მას სამი წლითა და ოთხი თვით პატიმრობა შეეფარდა, ვადის ათვლა კი დაკავების მომენტიდან დაიწყო. თუმცა, ვინაიდან სასჯელის ვადის ორ მესამედზე მეტი უკვე გასული იყო, სასამართლომ მისი ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
დოან ჰიონი, ინდონეზიელ სითი აისიასთან ერთად, კუალა-ლუმპურში 2017 წლის თებერვალში კიმ ჩენ ნამზე თავდასხმის შემდეგ დააკავეს. მათ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმას სახეზე სველი ხელსახოცი დააფარეს, რომელიც ნერვულ-პარალიტიკური მომწამლავი ნივთიერებით იყო გაჟღენთილი. შედეგად, კიმ ჩენ ნამი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. როგორც ბრალდებულები აცხადებდნენ, მათთვის უცნობი იყო ხელსახოცზე არსებული ნივთიერების შესახებ. მათი თქმით, ისინი უცნობმა პირმა თითქოს კომედიური სატელევიზიო შოუსთვის დაიქირავა.
მეორე ბრალდებულს, ინდონეზიის მოქალაქე სითი აისიას სასამართლომ ბრალდება მიმდინარე წლის მარტში მოუხსნა და დარბაზიდანვე გაათავისუფლა.