მალაიზია იმპორტირებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ამერიკასა და ევროპაში დააბრუნებს
მალაიზია იმპორტირებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ამერიკასა და ევროპაში დააბრუნებს

მალაიზიის ხელისუფლება იმპორტირებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს უკან, ამერიკასა და ევროპაში გაგზავნის. ამის შესახებ აზიური ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა, იო ბი ინმა განაცხადა.

„ევრონიუსის“ ცნობით, ოთხ ტონამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენი ძირითადად ევროპასა და ამერიკაში გამოყენებულ პლასტმასის ნივთებს შეადგენს. ისინი მალაიზიაში დაახლოებით 14 ქვეყნიდან მოხვდა. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია და ავსტრალია.

მალაიზიის გარემოს დაცვის მინისტრის განმარტებით, იმპორტირებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდი ნაწილი მათ ქვეყანაში ქვეყანაში არალეგალური გზით მოხვდა. ისინი იმ გადამამუშავებელმა კომპანიებმა შეისყიდეს, რომლებსაც მუშაობის ლიცენზია არ აქვთ.

„მალაიზია მსოფლიოს ნაგავსაყრელი არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, სხვა სახელმწიფოები მაინც ვერ დაგვაშინებენ“, – განაცხადა მალაიზიის გარემოს დაცვის მინისტრმა.

მსგავს ხერხს მალაიზიამ რამდენიმე კვირის წინაც მიმართა, როდესაც ესპანეთიდან იმპორტირებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების ხუთი კონტეინერი ესპანეთში დააბრუნა.

როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, მხოლოდ ერთმა ბრიტანულმა კომპანიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მალაიზიაში 55 ტონაზე მეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენი ჩაიტანა.