მალაიზია 2014 წელს გაუჩინარებული სამგზავრო ლაინერის, MH370-ის ძებნას განაახლებს
მალაიზია 2014 წელს გაუჩინარებული სამგზავრო ლაინერის, MH370-ის ძებნას განაახლებს. 2014 წელს გაუჩინარებული მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ძებნა 30 დეკემბერს განახლდება. ინფორმაციას მალაიზიის ხელისუფლება ავრცელებს.
ბოინგი, რომელიც კუალა ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა და რომელშიც 239 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 8 მარტს გაუჩინარდა. გეგმის თანახმად, განახლებული სამძებრო ოპერაცია 55 დღე გაგრძელდება. მალაიზიის ხელისუფლება არ ასაჯაროებს, სად ჩატარდება სამძებრო სამუშაოები.
„ბოლო მოვლენები ასახავს მალაიზიის სურვილს, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს ოჯახებს, რომლებიც ამ ტრაგედიის გამო დაზარალდნენ“, – განაცხადეს მალაიზიის ტრანსპორტის სამინისტროში.
სამძებრო ოპერაციას ატარებს კომპანია Ocean Infinity. კონტრაქტის პირობებით, კომპანია არ მიიღებს ფინანსურ ანაზღაურებას, თუ ლაინერის ნამსხვრევები ვერ აღმოაჩინეს. ნამსხვრევების აღმოჩენის შემთხვევაში კი Ocean Infinity-ს 70 მილიონი დოლარი გადაეცემა.
ცნობისთვის, 2014 წლის შემდეგ, ლაინერის ძებნაში მრავალი ქვეყანა მონაწილეობდა. გამოყენებული იყო დაახლოებით 60 გემი და 50 თვითმფრინავი 26 სახელმწიფოდან. 2015 წლის ივლისში ინდოეთის ოკეანეში, მადაგასკარის აღმოსავლეთით მდებარე რეუნიონის კუნძულის სანაპიროზე რამდენიმე დაზიანებული ნამსხვრევი აღმოაჩინეს. ძებნა ოფიციალურად 2017 წლის იანვარში დასრულდა.
განმეორებითი ძებნა, რომელიც Ocean Infinity-მ 2018 წლის იანვარში დაიწყო, ასევე უშედეგოდ დასრულდა. რეისი MH370 2014 წლის 8 მარტს, აფრენიდან ერთი საათის შემდეგ გაუჩინარდა. ბოინგ 777-ს უნდა გადაეფრინა ვიეტნამის საჰაერო სივრცისთვის, თუმცა გაურკვეველი მიზეზით მკვეთრად შეცვალა კურსი და დისპეტჩერებთან კავშირი გაწყდა. რადარების მონაცემები აჩვენებს, რომ ლაინერმა თავდაპირველი მარშრუტიდან გადაუხვია. მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის გაუჩინარება ავიაციის ისტორიაში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ შემთხვევად რჩება. ამ წლების განმავლობაში რეგულარულად ისმის მოწოდებები ძებნის გაგრძელების შესახებ. ლაინერის გაუჩინარებამ ასევე მრავალი შეთქმულების თეორიაც გააჩინა, მათ შორის ვარაუდი, რომ პილოტმა, შესაძლოა, განზრახ გამოიწვია ავიაკატასტროფა ან თვითმფრინავი გაიტაცეს.