მაკრონი აცხადებს, რომ მიგრანტების მიღებაზე უარის გამო ევროკავშირის ქვეყნებს ფინანსური სანქციები ელით
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირის იმ წევრებს, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობენ, ფინანსური სანქციები ელით. განცხადება ემანუელ მაკრონმა ესპანელ კოლეგა პედრო სანჩესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მაკრონის თქმით, დაუშვებელია, ევროკავშირის წევრთა ნაწილი მუდმივად სარგებლობდეს ფინანსური შეღავათებით და ამავე დროს, ეგოისტურად იქცეოდეს, როდესაც საქმე მიგრანტების მიღებას ეხება
საფრანგეთისა და ესპანეთის მთავრობის მეთაურებმა ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სახელმწიფოებსა და მოსაზღვრე ქვეყნებში მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების გახსნის აუცილებლობას.
ევროკავშირის 16 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები დღეს ბრიუსელში ჩავლენ, სადაც არაფორმალურ სამიტზე მიგრაციულ პოლიტიკაზე იმსჯელებენ.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მიგრანტების სავალდებულო განსახლებაზე უარს ამბობენ. ამ ქვეყნების ლიდერები დღეს ბრიუსელში არ ჩავლენ.