მაკო გომური - რატომ მესროლეს, ეს ის შეკითხვაა, რაზეც ერთი წლის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე
მაკო გომური - რატომ მესროლეს, ეს ის შეკითხვაა, რაზეც ერთი წლის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე

უამრავი კითხვაა, რაზეც პასუხი დღემდე არ მაქვს და ეს კითხვები უფრო ბევრი ხდება, თანდათან მატულობს, – განაცხადა შარშან, 20-21 ივნისის აქციისას დაზარალებულმა მაკო გომურმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება.

მაკო გომურის თქმით, ერთი წლის განმავლობაში მან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რატომ ესროლა მას სამართალდამცველმა, რის გამოც თვალი დაკარგა.

„ძალიან რთულია ამ წუთას აქ დგომა, მართლა. მეგონა, ენერგიულად და რაღაც ისე მოვედი დღეს, რომ ბოლომდე ძალიან კარგად ყოფნას შევძლებდი, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ძაან რთული ყოფილა ერთი წლის შემდეგ აქ დგომა.

პირველ რიგში, თქვენ მადლობა, რომ ეს საშინელი ერთი წელი თქვენთან ერთად გამოვიარე. ასე ვფიქრობ, რადგან ყოველთვის გაინტერესებდათ და ყოველთვის დარდობდით, როგორ ვიქნებოდი მე, რა წინსვლა იქნებოდა 20 ივნისის შემდეგ ჩემთვის და ა.შ. ზუსტად ერთი წელი გავიდა 20 ივნისიდან და როგორც ერთი წლის წინ, ასე ვიდექი ზუსტად, იგივე ტანსაცმელი მეცვა. როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცავებისთვის ან იმ შენობისთვის, მაშინაც ზუსტად ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი. თუმცა ეს არ იყო საკმარისი, როგორც ჩანს ერთ-ერთი სამართალდამცველისთვის და მესროლა. მესროლა და გაჩნდა შეკითხვა, რატომ. ეს ის შეკითხვაა, რაზეც ერთი წლის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე.

რეალობა ხომ მარტივია, უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალი, თუმცა სხვა რეალობაც გვაქვს, რომელიც არის ჩემ წინ პარლამენტის შენობაში, რომლებიც ყოველ წამს ცდილობენ, რომ თავიანთი რაღაც ტრიუკებით, თავიანთი რაღაც რეპლიკებით ჩვენი სახელი გააფუჭონ საზოგადოებაში. იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ აღარ ახსოვთ, რა მოხდა 20 ივნისს და ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი. პირველხარისხოვანი იყო ის, რომ მათ შტურმი აარიდეს პარლამენტს. პირველ რიგში, კითხვა მიჩნდება, ჩემი თვალის ამოთხრით, გიორგის თვალის ამოთხრით, დათოს თვალის ამოთხრით, უამრავი თვალებით, რომელი შტურმი აარიდეს პარლამენტს, რას უშლიდათ იქ ჩვენი დგომა, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი. უამრავი კითხვაა, რაზეც პასუხი დღემდე არ მაქვს და ეს კითხვები უფრო ბევრი ხდება, თანდათან მატულობს, თუმცა იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად ბრძოლით და თქვენი ანთებული გულებით მივიღებ პასუხებს. ვიცი, რომ ხშირად იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან ჩვენზე ცუდი რაღაცები ილაპარაკონ, ჩვენი გაშავება მოინდომონ საზოგადოებაში. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი აქ დგომა, ჩვენი პროტესტი არის უკეთესი მომავლისთვის, რაც ამდენი წელი არ ქონია ჩვენს ქვეყანაში. არასდროს არ შევეგუებით საქართველოშ იმ ქვეყნის ბატონობას, რომელიც დღესაც გვართმევს ტერიტორიებს და დღესაც გვპარავს ადამიანებს. მადლობა, რომ მოხვედით და თქვენი დახმარებით მე მარტო არ ვარ ამ ბრძოლაში“, – განაცხადა აქციაზე გამოსვლისას მაკო გომურმა.

დატოვე კომენტარი