მაკო გომური - არ შევწყვეტ ბრძოლას, რომ დავიბრუნო ჩემი თვალუკა [ვიდეო]

მაკო გომური, რომელმაც 21 ივნისის ღამეს, პარლამენტთან აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერეს.

გომურს „ნიუ ჰოსპიტალში“ ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

გოგონამ ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და თანატოლებს ბრძოლისაკენ მოუწოდა.

„ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რადგან გამოვედი საავადმყოფოდან და შემიძლია, წავიდე სახლში. პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და ჩემს პატარა თვალუკას წარმატებებისთვის მიეღწია. რაღაც ეტაპზე კარგი მდგომარეობაა. კიდევ ვაგრძელებთ მკურნალობას და მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგადაა.

რაც შეეხება რას ვეტყვი ჩემს თანატოლებს – ნარკოზიდან რომ გამოვედი, დამხვდა უამრავი შეტყობინება. არ ვიცი, მადლობა საიდან დავიწყო. მოდი დავიწყოთ მადლობით. მართლა ყველას დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო გვერდში დგომისთვის. რაც ახლა მე ძალა გამაჩნია, გამაჩნია იმ ადამიანებისგან. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მეც არ ვიქნებოდი ასე და არც ჩემი და იქნებოდა ახლა ასე, რომელიც ნემსის გაკეთებასაც ვერ ესწრებოდა პალატაში. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის.

ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცების წინაშე და რაღაცების მისაღწევად. ერთეულები არ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ვიყავით, სადაც იბრძოდნენ რაღაცის წინააღმდეგ. იყო რთული მომენტები, იყო ტკივილისგან გათენებული ღამეები, მაგრამ ახლა ვარ კარგად,რადგან გამომწერეს და გხედავთ ყველას.

იმ მძიმე ღამის გახსენება ძალიან რთულია, რადგან ალბათ არასდროს ამოვა ჩემი გონებიდან ის წამი, როცა მომხვდა ტყვია და წამი, როცა დავინახე სპეცრაზმი. შეიარაღებული ძალა როცა მოდიოდა ჩვენკენ, ის იყო ყველაზე მძიმე კადრი ჩემს ცხოვრებაში და ასე იქნება. მაშინ მოხდა ყველაზე გარდამტეხი რამ ჩემ ცხოვრებაში. ვცდილობ, ძლიერად დავდგე და გადმოგცეთ ეს მუხტი. მართლა ძალიან ძლიერად ვდგავარ და ვცდილობ, თქვენც დაგანახოთ არა იმიტომ რომ თავი მოგაჩვენოთ, არა, მართლა ასე ვარ. ჯერ, პირველ რიგში, ჩემი ჯანმრთელობის გამო არ შევწყვეტ ბრძოლას, რომ დავიბრუნო ჩემი თვალუკა“,- განაცხადა მაკოგომურმა.

მაკოს გომურს მოქალაქეებმა კნუტი აჩუქეს და მადლობა გადაუხადეს.