მაკკეინის ინსტიტუტის მისია - აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად, სანქციები არ არის საკმარისი, საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს მთავრობა არ უნდა აღიაროს ლეგიტიმურად
მაკკეინის ინსტიტუტის მისია - აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად, სანქციები არ არის საკმარისი, საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს მთავრობა არ უნდა აღიაროს ლეგიტიმურად

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყოველ დღე ახალ ზომებს ნერგავს, რათა გაამყაროს რეპრესიული მმართველობა. მათ შორის არის სახელმწიფო მოხელეების დასჯისა და გათავისუფლების გამარტივება და მომიტინგეების პრევენციული დაკავების დაშვება. დროის ფაქტორი კრიტიკულია, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ დროულად იმოქმედოს, – ამის შესახებ აღნიშნულია მაკკეინის ინსტიტუტის მისიის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად, სანქციები საკმარისი არ არის, საერთაშორისო საზოგადოებამ ეს მთავრობა არ უნდა აღიაროს ლეგიტიმურად.

„როგორც მაკკეინის ინსტიტუტის წინასაარჩევნო შეფასებაში სექტემბერში აღინიშნა და Freedom House-ის და International IDEA-ს მიერ დოკუმენტირებულია, საქართველოში წლების განმავლობაში დემოკრატიის უკუსვლაა, რადგან „ქართული ოცნება“ ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას ბიძინა ივანიშვილის კონტროლის ქვეშ. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ავტორიტარული დაღმასვლა კიდევ უფრო დაჩქარდა. „ქართული ოცნების“ მთავრობა დაუპირისპირდა საქართველოს ყველაზე ძლიერ მხარდამჭერებს დასავლეთში და გამოგონილი აქვს დასავლური „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი, რომელიც თითქოს ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას რუსეთთან. ამავდროულად, ხელისუფლება მოსკოვისგან ქებას იღებს ავტორიტარული ნაბიჯების გამო, მათ შორის ახალი რეპრესიული „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“ დამტკიცებისთვის, რომელიც კრემლის მოდელს იმეორებს. მთავრობა ასევე ამყარებს ახალ პარტნიორობას ჩინეთთან და ირანთან.

რუსული ჩარევა კარგადაა დოკუმენტირებული, თუმცა აზერბაიჯანელი თემის სამოქალაქო ორგანიზატორებმა მისიას გაუზიარეს, თუ როგორ აფინანსებენ ირანული ჯგუფები ადგილობრივ რელიგიურ ორგანიზაციებს, ბიზნესს და საქველმოქმედო ჯგუფებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიის პერიოდში ავრცელებდნენ ანტიდასავლურ და ანტი-LGBTQ ნარატივებს, რაც ემთხვეოდა „ქართული ოცნების“ გზავნილებს. აზერბაიჯანის პოლიტიკური ლიდერები და მედია ფიგურები ჩნდებოდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატების გვერდიგვერდ და იმეორებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს.

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი პარლამენტი 25 ნოემბერს შეკრიბა, რაც ზოგიერთმა იურიდიულმა ორგანიზაციამ უკანონოდ შეაფასა, რადგან არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით სარჩელები კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში იყო და პრეზიდენტს, რომელსაც პარლამენტის დამტკიცება ევალება, ეს არ გაუკეთებია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავიანთი მანდატები უარყვეს და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს.

ჩვენს მისიას დასრულების მეორე დღეს, ყოფილი ცნობილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ცნობილია თავისი ანტიდასავლური შეხედულებებით, 14 დეკემბერს პრეზიდენტად აირჩიეს, „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებად 300-წევრიან საარჩევნო კოლეგიის მიერ, სადაც შედიოდნენ პარლამენტის დეპუტატები. ბევრმა მიიჩნია, რომ პროცესი არ იყო ლეგიტიმური, რადგანაც თავად პარლამენტის სტატუსი სადავოა და არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უარი განაცხადა შედეგების აღიარებაზე და პირობა დადო, რომ გააგრძელებს ოპოზიციური მოძრაობის ლიდერობას. საპროტესტო აქციები გაძლიერდა, განსაკუთრებით პრეზიდენტის სასახლესთან და ქალაქის მასშტაბით, მათ შორის საჯარო სექტორის თანამშრომლების მონაწილეობით.

ყოველ დღე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახალ ზომებს ნერგავს, რათა გაამყაროს თავისი რეპრესიული მმართველობა. მათ შორისაა სახელმწიფო მოხელეების დასჯისა და გათავისუფლების გამარტივება, თუ ისინი „არალოალურებად“ ჩაითვლებიან და მომიტინგეების პრევენციული დაკავების დაშვება. დროის ფაქტორი კრიტიკულია, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ დროულად იმოქმედოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დელეგაცია მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს კონკრეტული ნაბიჯებით.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა ახალი სამგზავრო შეზღუდვები. აუცილებელია ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათი ოჯახის წევრების და იმ ძალოვანი უწყებების ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიულ ქმედებებსა და წამებაზე. აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უკვე შემოიღო სამგზავრო აკრძალვები. ეს ნაბიჯები აჩვენებს, რომ ვერავინ დარჩება ხელშეუხებელი, შეიძლება, შექმნას განხეთქილება „ქართული ოცნების“ რიგებში და იმავე დროს, შთაგონება მისცეს იმ მომიტინგეებს, რომლებიც რისკს საკუთარ თავზე იღებენ და თავს მარტოსულად გრძნობენ. თუმცა, სანქციები საკმარისი არ არის. დელეგაცია თვლის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს ეს მთავრობა ლეგიტიმურად. ჩვენი აზრით, თვითონ არჩევნები იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ შედეგის ვალიდურობისადმი სერიოზული ეჭვი გაჩნდა. გარდა ამისა, მთავრობის რეპრესიული ქმედებები მის მორალურ ლეგიტიმურობასაც ეჭვქვეშ აყენებს.

საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა მისი კურსი რეგიონში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მაგალითად, საქართველოს ავტორიტარულმა და პრორუსულმა პოლიტიკამ შესაძლოა, სომხეთის შესაძლებლობები შეზღუდოს, რათა რუსული ზეწოლიდან გათავისუფლდეს და დასავლეთთან დაახლოვდეს. უმოქმედობა ჩვენს მოწინააღმდეგეებს უგზავნის გზავნილს, რომ მათი მტრული ქმედებები შედეგის მომტანია და დასავლეთი სუსტია. ამავდროულად, ქმედებებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის დიდი საფასური არ აქვს – ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან ნავთობზე, ვაჭრობასა, თუ დიდ ეკონომიკურ ინტერესებზე არ არის დამყარებული. ეს პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება, რაც საქართველოს განსაკუთრებულ პოზიციას ანიჭებდა დასავლეთის დედაქალაქებში. ეს საერთო ღირებულებები ახლა საფრთხის ქვეშაა.

ჩვენმა თანამოსაუბრეთა ნაწილმა შეშფოთებით აღნიშნა, რომ საქართველო იმავე რუსული მეთოდების მსხვერპლი ხდება, რაც ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელარუსში გამოიყენა. ჩვენი მისია მიიჩნევს, რომ ბნელმა ღრუბლებმა მოიცვა ეს თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა. დასავლეთს პასუხისმგებლობა ეკისრება იმოქმედოს, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაავრცელა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ თბილისში 9-დან 13 დეკემბრამდე პერიოდში გაგზავნილმა შეფასებითმა მისიამ.

ამასთან, ამავე ანგარიშში საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებსა და საქართველოში მიმდინარე აქციებზე, სადაც აღნიშნულია: „მისია შეშფოთებულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ოფიციალური ძალადობის მასშტაბით და სიმძიმით, სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის „ბანდიტების“ ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება“.