მაკედონიის პრეზიდენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადა
მაკედონიის პრეზიდენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადა

მაკედონიის პრეზიდენტმა, გეორგე ივანოვმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ივანოვმა განაცხადა, რომ მას შეთანხმების ხელმოწერის მანდატი არ აქვს.

„შეთანხმება მაკედონიის რესპუბლიკას მონურ მდგომარეობაში აყენებს და სხვა ქვეყანაზე, ანუ საბერძნეთზე დამოკიდებულს ქმნის“, – მიიჩნევს პრეზიდენტი.

მაკედონიის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მიერ შეთანხმებაზე ვეტოს დადების შემთხვევაში, კანონი კვლავ პარლამენტს უბრუნდება. პარლამენტი დოკუმენტის დამტკიცებას ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით შეძლებს. ამგვარად, ვეტოს დასაძლევად მაკედონიის პარლამენტს დეპუტატების სულ მცირე 61 ხმაა სჭირდება.

ათენსა და სკოპიეს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 17 ივნისს მოაწერეს ხელი, რითაც 27-წლიანი დავა დაასრულეს.

როგორც მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა, ქვეყნის ახალი სახელწოდების საკითხს მიმდინარე წლის შემოდგომას, საყოველთაო რეფერენდუმზე გაიტანენ.