მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნისთვის სახელის შეცვლას მხარი დაუჭირა
მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნისთვის სახელის შეცვლას მხარი დაუჭირა

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნისთვის სახელის შეცვლას მხარი დაუჭირა. ცვლილების სასარგებლოდ 120-მანდატიანი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 81-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

მაკედონიის კონსტიტუციაში შესწორების შეტანის შედეგად ქვეყანას ჩრდილოეთ მაკედონიას უწოდებენ. თუმცა მანამდე ქვეყნისთვის სახელის შეცვლას საბერძნეთის პარლამენტმაც უნდა დაუჭიროს მხარი.

2018 წლის ივნისში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა და მისმა მაკედონელმა კოლეგამ, ზორან ზაევმა შესაბამის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. რამდენიმე თვის შემდეგ კი სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით მაკედონიაში რეფერენდუმი გაიმართა, თუმცა მასში მონაწილეობა მოსახლეობის მხოლოდ 37-მა პროცენტმა მიიღო. შესაბამისად, რეფერენდუმის შედეგები გააუქმეს.

მაკედონიის ძველი სახელწოდების გამო საბერძნეთი დიდი ხნის განმავლობაში მეზობელი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა. რადგან საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს იგივე სახელი აქვს.