მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა
მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა. ფინალური კენჭისყრის დროს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირეს.

120-მანდატიან პარლამენტში ქვეყნის სახელწოდების შეცვლის სასარგებლოდ ხმა 80-მა დეპუტატმა მისცა.

მაკედონიის პარლამენტში აღნიშნულ საკითხს რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდნენ. პირველი კენჭისყრის შედეგები სპიკერის მოთხოვნით გაუქმდა.

აღნიშნული კენჭისყრა მაკედონიასა და საბერძნეთს შორის არსებული დავის მოგვარებაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით მაკედონიამ და საბერძნეთმა შეთანხმებას რამდენიმე თვის წინ მიაღწიეს. დოკუმენტის თანახმად, მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა დაერქვას, სანაცვლოდ კი ოფიციალური ათენი მეზობელი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხელს აღარ შეუშლის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ მაკედონიაში რეფერენდუმიც გაიმართა. კითხვა შემდეგი იყო: „უჭერთ თუ არა მხარს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, მაკედონიისა და საბერძნეთის რესპუბლიკებს შორის მიღწეული შეთანხმების მიღებით“.

თუმცა საყოველთაო გამოკითხვის შედეგები დაბალი აქტივობის გამო გაუქმდა. რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის მხოლოდ 34 პროცენტმა მიიღო.