მაკედონიაში ქვეყნის სახელწოდების ცვლილებაზე რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო, ჩაშლილად გამოცხადდა
მაკედონიაში ქვეყნის სახელწოდების ცვლილებაზე რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო, ჩაშლილად გამოცხადდა

მაკედონიაში ქვეყნის სახელწოდების ცვლილების შესახებ გამართული რეფერენდუმი ჩაშლილად ოფიციალურად გამოცხადდა. სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად, ამომრჩეველთა აქტივობამ მხოლოდ 36,01% შეადგინა.

იმისთვის, რომ რეფერენდუმი შედგეს, საჭიროა, მასში ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა მიიღოს მონაწილეობა.

რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩეველთა 91,46 %-მა მხარი დაუჭირა საბერძნეთთან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება.

რეფერენდუმი სარეკომენდაციო ხასიათის იყო, ახლა ქვეყნის სახელწოდების შესახებ დისკუსია მაკედონიის პარლამენტში გაგრძელდება. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ხმების ორი მესამედი.

საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში, მაკედონია საბერძნეთთან მრავალწლიან დავას დაარეგულირებს, რომელიც მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ბლოკავდა.