მაკედონიაში ქვეყნის სახელწოდების ცვლილების საკითხზე რეფერენდუმი იმართება 
მაკედონიაში ქვეყნის სახელწოდების ცვლილების საკითხზე რეფერენდუმი იმართება 

მაკედონიაში დღეს ქვეყნის სახელწოდების ცვლილების საკითხზე რეფერენდუმი იმართება. მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ კითხვას, ემხრობიან თუ არა NATO-სა და ევროკავშირის წევრობას, მაკედონიასა და საბერძნეთს შორის ივნისში გაფორმებული შეთანხმების მხარდაჭერის გზით.

ამ შეთანხმებით, მაკედონიის ახალი სახელწოდება „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ იქნება.

სოციოლოგიური გამოკითხვების მოხედვით, ქვეყნის სახელწოდების ცვლილებას მხარს მაკედონიის მოქალაქეთა უმეტესობა მხარს უჭერს. თუმცა, იმისთვის, რომ რეფერენდუმი შედგეს, აუცილებელია საყოველთაო გამოკითხვაში ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა მიიღოს მონაწილეობა. ამასთან, რეფერენდუმის გზით მიღებულ გადაწყვეტილებას მხოლოდ პოლიტიკური შედეგი ექნება. იურიდიულ ძალას ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თანხმობის შემდეგ შეიძენს.

მაკედონიის სახელწოდების ცვლილებისა და NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ რუსეთი გამოდის. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა რამდენიმე დღის წინ სკოპიეში ვიზიტისას მოუწოდა მოსკოვს, რეფერენდუმში არ ჩაერიოს და მაკედონიის მოქალაქეებს არჩევნის თავისუფლება არ შეუზღუდოს.
NATO-სა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ სახელწოდების ცვლილების შემდეგ „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრი გახდება, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა.