მაკა ვასაძე - არ ვეთანხმები ეთიკის კომისიის განცხადებას, ჩვენი, პედაგოგების მოვალეობაა, ყველანაირი ხერხი გვეხმარა, რომ ამ პროტესტს სხვა ფორმა მიეღო, როგორ შეიძლება, შენს სტუდენტს პოლიცია გამოუძახო?!
მაკა ვასაძე - არ ვეთანხმები ეთიკის კომისიის განცხადებას, ჩვენი, პედაგოგების მოვალეობაა, ყველანაირი ხერხი გვეხმარა, რომ ამ პროტესტს სხვა ფორმა მიეღო, როგორ შეიძლება, შენს სტუდენტს პოლიცია გამოუძახო?!

მე არ ვეთანხმები ეთიკის კომისიის განცხადებას, რადგან ჩვენი, მათი პედაგოგების მოვალეობაა, ყველა გზა და ყველანაირი ხერხი გვეხმარა, რომ ამ პროტესტს სხვა ფორმა მიეღო, – ამის შესახებ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა,  მაკა ვასაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მინდა, გითხრათ, რომ ასე მოხდა თსუ-ში, მაგრამ თსუ-ს რექტორმა არავითარ შემთხვევაში არ შეუშვა პოლიცია. თქვა, თვითონ მოვაგვარებ ჩემს უნივერსიტეტში ამ პრობლემასო. ასე მოხდა აკადემიაშიც და ადგნენ ის სტუდენტებიც. ეს ჩვენი, ყველას ბრალია. ეს არ არის მარტო, ვთქვათ, რექტორის, მისი თანაშემწის და სხვადასხვა ინსტანციის ბრალი, ეს ყველა ჩვენგანის, ჩემი ბრალიც არის. როგორ შეიძლება, შენს სტუდენტს პოლიცია გამოუძახო, თან სამჯერ, ზედიზედ?! ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, გიორგი შალუტაშვილისთვისაც მიუღებელია. მე არ ვიცი, ვის მოუვიდა ეს თავში და ვინ გამოიძახა პოლიცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. საფლავებში ტრიალებენ ახლა ჩვენი წინაპრები, რადგან ისინი ყოველთვის ახერხებდნენ ყველა სიტუაციის მოგვარებას საბჭოთა კავშირის დროს“, – განაცხადა ვასაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ფორმით შეიძლებოდა, ვითარების განმუხტვა, რომ საჭირო არ გამხდარიყო ადგილზე სამართალდამცველების გამოძახება, მაკა ვასაძემ განაცხადა, რომ ალბათ ეს საუბრით იყო შესაძლებელი.

„ალბათ საუბრით, მე ასე ვფიქრობ. ეს სტუდენტები არიან გიორგის შვილის ტოლები, ჩემი შვილიშვილის ტოლები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი, ყველას ბრალია. მე განა ვამბობ, რომ მე მაგარი ვარ? არა, ჩემი ბრალია. ვერ მივსდიე ბოლომდე ამ ამბავს. ეს ყველა ჩვენგანის ბრალია, ვინც ვართ ამ უნივერსიტეტში და ვინც ვასწავლით ამ ბავშვებს. ბოლომდე ვერ ავუხსენით, რომ არსებობს პროტესტის სხვადასხვა ფორმა. შენ ეს არ მოგწონს, აპროტესტებ, მაგრამ ამ ფორმამ უკვე ამოწურა ხომ თავი? სამი თვეა, შენ ზიხარ იქ, იმ უნივერსიტეტში და გარეთ ასეთი ამბები ხდება. არ ჯობია გარეთ რაღაც პერფორმანსები? მით უმეტეს, მომავალი მსახიობი ხარ, რეჟისორი და ა.შ. რაღაც სახელოვნებო აქტივობებში გამოხატე შენი პროტესტი, ხომ? იქ წოლამ, იცით რა, ამოწურა თავი უკვე და მგონია, რომ თვითონაც უკვე ადგებოდნენ და რაღაც სხვა ფორმას მონახავდნენ. რატომღაც ასე მგონია მე“, – განცახადა ვასაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იზღუდებოდა თუ არა ამ სამი თვის განმავლობაში სასწავლო პროცესი ან პირიქით, ხელმღვანელობის მხრიდან თუ იყო პროტესტის შეზღუდვის მცდელობები, რადგან სტუდენტთან ნაწილი თვლის, რომ ხელმძღვანელობა მათ სჯის და სტატუსის შეწყვეტა არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რეპრესიები და პროტესტის ჩახშობა, მაკა ვასაძემ სტუდიაში მყოფ უნივერსიტეტის რექტორს ჰკითხა: „გიორგი, იყო ხომ შეზღუდვები, რომ დაეტოვებინათ ეს შენობა?“ რაზეც რექტორმა უპასუხა:  „ვინმემ თითი დააკარა ან რამე ფორმით შეზღუდა ეს პროტესტი? შეზღუდვაზე რომ გავცეთ პასუხი, არ ჰქონდა ამას ადგილი, მოდით, ღიად ვთქვათ რა. იხსენებთ რამეს ისეთს? თქვენ ხომ, შეუძლებელია, არ გცოდნოდათ?“