მაკა ჩიჩუა - ადამიანმა, რომელიც დაიქირავეს, რომ ფუნქცია შეასრულოს და ეს არ გამოსდის, ალბათ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ
მაკა ჩიჩუა - ადამიანმა, რომელიც დაიქირავეს, რომ ფუნქცია შეასრულოს და ეს არ გამოსდის, ალბათ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ

ვთვლი, რომ ადამიანმა, რომელიც დაიქირავეს იმისთვის, რომ ფუნქცია შეასრულოს და მას ეს არ გამოსდის, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, – ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედი, მაკა ჩიჩუამ განაცხადა, რომელიც პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა.

„აუდიტორიის წინაშე არასოდეს ვყოფილვარ ასე აღელვებული, ასე რომ, ბოლომდე მინდა, მხარი დავუჭირო, თანავუგრძნო, ყველანაირად მათ გვერდზე ვიყო მათ მოთხოვნებსა და სულისკვეთებაში. დედის პოზიციიდან მინდა, გითხრათ – ის სისხლიანი ღამე არასდროს დამავიწყდება. ძალიან რთულია, უყურო, ახალგაზრდების დასისხლიანებულ სახეებს, მათი მოწყვეტილი სხეულები როგორ ეყარა. მე რაც ვნახე, ჩემთვის გაუგებარია. იცით სიტყვებიც არ არსებობს, გაუგებარი კი არა ყველანაირ ზღვარს მიღმაა. სრულიად ახალგაზრდა, სუფთა ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ თავიანთი პროტესტი, ხედვა დააფიქსირონ, როგორ უნდა ესროლო მათ ტყვია, გინდა რეზინის იყოს და გინდაც წყლის ჭავლი. ჩემთვის გაუგებარია.

როგორ ფიქრობთ, პასუხისმგებელი ვინ არის? არის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც დაიქირავა ხალხმა, ხომ მართალია? როცა შენ უნდა გემსახუროს შენი მთავრობა, მგონია პასუხისმგებლობა ზუსტად იმ ადამიანებს ეკისრებათ, ვინც უნდა დაგიცვას. ვთვლი, რომ ადამიანმა, რომელიც დაიქირავეს იმისთვის, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს და მას ეს არ გამოსდის, თვითონ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ალბათ, თანამდებობის დატოვება“,- განაცხადა ჩიჩუამ.

მისივე თქმით, მხარს უჭერს ახალგაზრდების მოთხოვნებს, რომლებიც მეხუთე დღეა აქციებს მართავენ.

„მხარს ვუჭერ იმ ახალგაზრდების მოთხოვნას, რომლებმაც თავიანთი აზრი დააფიქსირეს და სიცოცხლეც კი გასწირეს ამისთვის, ასე რომ, მათ გვერდზე ვარ. მთავარია, სისხლი აღარ დაიღვაროს, მთავარია, ეს გადავიდეს ისეთ მოლაპარაკებაში, რასაც ცივილური ადამიანები ახორციელებენ, ეს არ იყოს ჯოხი, ეს არ იყოს იარაღით და ეს არ იყოს მუქარით. მინდა, რომ ადამიანებმა მიიღონ ნორმალური პასუხი ყველა შეკითხვაზე“,- განაცხადა ჩიჩუამ.