მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს, სიდჰარტო რეზა სურიოდიპუროსს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა სიდჰარტო რეზა სურიოდიპუროსს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ამ კუთხით საერთაშორისო მონიტორინგის აუცილებლობას.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხის გაერო-ს ფარგლებში განხილვის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და გაერო-ს როლს აღნიშნულ პროცესში.