მაკა ბოჭორიშვილმა მალტაში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრები გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მალტაში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრები გამართა.
ბოჭორიშვილის თქმით, ეს პლატფორმა მნიშვნელოვანია სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ორმხრივი კომუნიკაციისთვის.
„ძალიან ძვირფასია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. რა თქმა უნდა, როგორც პირველად ამ რანგში, შესაძლებლობა მქონდა, ორივე მინისტრთან გამემართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და გვესაუბრა ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ორმხრივ ურთიერთობებზე, მის დინამიკაზე, რომელიც ძალიან პოზიტიურია და შემდგომ ნაბიჯებზე, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ურთიერთობა, რათა საუკეთესოდ იყოს რეგიონის შესაძლებლობები გამოყენებული ორმხრივი თანამშრომლობით. ჩვენ გვქონდა ასევე შესაძლებლობა, შევხვედროდით რამდენიმე კოლეგას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. მათთან საუბრისას მთავარი თემა არის ის, რაც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ჩემი ავსტრიელი და სლოვაკი კოლეგებისგან მოვისმინე ძალიან მხარდამჭერი განცხადებები, რომ ისინი მხარს უჭერენ და გულშემატკივრები არიან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის. გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ის საკითხები, რაც უკავშირდება სწორედ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ევროკავშირში ინტეგრაციას. ასევე მქონდა შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ფინეთი ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე ქვეყანაა, პირადად მქონდა შესაძლებლობა, მომეწვია ის საქართველოში და იმედს გამოვთქვამ, მომავალი წლის დასაწყისში, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, ეწვევა საქართველოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.