მაკა ბოჭორიშვილმა იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაფასა
იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები გამართა.
როგორც ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ორმხრივი ურთიერთობები არის საკმაოდ დატვირთული და მუდმივი აზრთა გაცვლა-გამოცვლა მნიშვნელოვანია.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მუდმივად გვქონდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სამომავლო ნაბიჯები, რათა საქართველო და აზერბაიჯანი უკეთ იყოს გამოყენებული შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ პროექტებზე, სწორედ ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მაღალ დონეზე პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვანია. არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, მათ შორის, მაღალი დონის ვიზიტები, რომლებიც ახლო მომავალში უნდა განხორციელდეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, რაც ასევე მუდმივად არის ჩვენი განხილვის საგანი. ზოგადად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ასევე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის, არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო რეგიონული განვითარების თანამშრომლობის კონტექსტში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერია და აღნიშნულ თემაზე პოლიტიკურ დიალოგს დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ბოლო წლებში უნგრეთსა და საქართველოს შორის განვითარებული ურთიერთობები არის ძალიან ახლო და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების განვითარების, არამედ ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში. მოგეხსენებათ, უნგრეთი არის ცალსახად მხარდამჭერი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, ასევე მხარდამჭერი იმ განხილვებში, როცა ვხედავთ, რომ საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგშია. აქედან გამომდინარე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ შორის პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობა და მუდმივად აზრების გაცვლა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობებზე, რაც საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა. ეს ყოველთვის არის კარგი შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ სამომავლო ნაბიჯებზე, განვიხილოთ არსებული გამოწვევები და კიდევ უფრო ახლოს დავაყენოთ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.