მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღო მონაწილეობა 
მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღო მონაწილეობა 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლებისას მაკა ბოჭორიშვილმა ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობისა და საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას. საქართველომ არაერთხელ გამოცადა რუსული აგრესია. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დღესაც ოკუპირებულია და რუსული სამხედროების ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალში არც გამართლება აქვს და არც სამართლებრივი საფუძველი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ასიათასობით ადამიანი არის იძულებით გადაადგილებული და მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება, მიუღებელია ის ხელოვნური საზღვრები, რაც ყოფს ქვეყანას, ოჯახებს და ადამიანებს შორის კავშირებს უშლის ხელს.

ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რაც ასევე ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას.

„სახელმწიფოები არ უნდა ისჯებოდნენ სუვერენული უფლებისთვის, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ჩვენ გვაქვს სუვერენული არჩევანის უფლება. რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, თავისი აგრესიული პოლიტიკით ძირი გამოუთხაროს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

უთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია ავსტრიის რესპუბლიკაში, ქალაქ ვენაში 23-24 თებერვალს გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.