მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს მიმართა - გექნებათ შესაძლებლობა, საოკუპაციო ხაზთან იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე შედეგებს
მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს მიმართა - გექნებათ შესაძლებლობა, საოკუპაციო ხაზთან იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე შედეგებს

ფერიდუნ სინირლიოღლუს ექნება შესაძლებლობა, თავად გაემგზავროს საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოს ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოს ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოიხილეს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთო-ს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.

„ჩვენ ვაფასებთ ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას, შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება.

ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფა. საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.