მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისართან შეხვედრა გამართა 
მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისართან შეხვედრა გამართა 

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომისართან, ცინ იჭისთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკას და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს სხვადასხვა სფეროში.

„ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნულ კომისიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნება და ჩინეთის მხრიდან – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ხოლო საქართველოს მხრიდან ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის მხარდაჭერა“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.