მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიაში ორმხრივი შეხვედრები გამართა
მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიაში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

კომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივან პეტერ ლაუნსკი-ტიფენტალს, ავსტრიის პარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ანდრეას მინიხს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ევა ერნსტ-ძიძიჩს, ავსტრიის პარლამენტის წევრებს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საგარეო და ევროპის საკითხებში სპიკერს, შფეტან შენახს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის კარლჰაინც კოპფვს შეხვდა.

მხარეებმა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიული მნიშვნელობა დაევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და მიმდინარე რეფორმებს. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე ავსტრიის პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკასა და სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ პარტნიორობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრებისას, ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.

ავსტრიელმა კოლეგებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატეს და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პრაქტიკული დახმარების გაწევის მზაობა გამოთქვეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.