მაკა ბოჭორიშვილი – ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს
ეს შეხვედრა, პირველ რიგში, ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მომზადებას. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას და შემდგომ ნაბიჯებს. სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ დოკუმენტი, მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით გვქონდეს დატვირთული დღის წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აზიის რეგიონთან ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე დაკავშირებადობის თვალსაზრისით და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
„ასევე ვისაუბრეთ ცენტრალური აზიის რეგიონთან ურთიერთობაზე, საქართველოს როლზე დაკავშირებადობის კუთხით. არსებობს საინტერესო წინადადებები და იდეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, რაც დაკავშირებულია უფრო ფართო რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავებასთან, რაც სასიკეთოა ჩვენთვის, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერების თვალსაზრისით,“ – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.