მაკა ბოჭორიშვილი - წინასწარ ნუ გავაკეთებთ იმ შეფასებებს, რომლებიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს, რეკომენდაციებში არის საკითხები, რომელთა სრულად შესრულება წარმოუდგენელია
მაკა ბოჭორიშვილი - წინასწარ ნუ გავაკეთებთ იმ შეფასებებს, რომლებიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს, რეკომენდაციებში არის საკითხები, რომელთა სრულად შესრულება წარმოუდგენელია

წინასწარ ნუ გავაკეთებთ იმ შეფასებებს, რომლებიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს. რეკომენდაციებში არის საკითხები, რომელთა სრულად შესრულება წარმოუდგენელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლაში რა ითვლება, ქვეყანა ასი პროცენტით კორუფციისგან თავისუფალი იყოს? ასეთი რამ ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არის. მთავარია, რა მექანიზმები არსებობს შექმნილი ამა თუ იმ რეკომენდაციის შესასრულებლად. პარლამენტის მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია, ყველა საკანონმდებლო აქტი შესრულებულია. რა თქმა უნდა, არის ისეთი რეკომენდაციები, რაც უკავშირდება ისეთ თემებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში სულ არსებობს და იარსებებს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ხელისუფლება ევროპულ მხარესთან კონსულტაციებს გააგრძელებს.

„როდესაც რაღაც არ არის შესრულებული, უნდა ვიცოდეთ, რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ გადაიდგას და კონკრეტული მიმართულება გვქონდეს, რა უნდა გაკეთდეს, რათა რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალოს. ძალიან ხშირად ბუნდოვანება ჩნდება. არაერთი ინტერპრეტაცია ვნახეთ სამოქალაქო საზოგადოების თუ ოპოზიციის მხრიდან, რაც რეკომენდაციების სრულად შესრულებაში არ გვეხმარება. ამიტომ სიცხადე ყოველთვის კარგია. თუ სიცხადე იქნება, გვეცოდინება, რა ნაბიჯებია გადასადგმელი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.