მაკა ბოჭორიშვილი - ვხედავთ მცდელობებს, დაკნინდეს ეუთო/ოდირის როლი, მისი შეფასებების მნიშვნელობა, ეს ქმედებები გამოიყენება საქართველოში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის, დესტაბილიზაციის შესაქმნელად
მაკა ბოჭორიშვილი - ვხედავთ მცდელობებს, დაკნინდეს ეუთო/ოდირის როლი, მისი შეფასებების მნიშვნელობა, ეს ქმედებები გამოიყენება საქართველოში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის, დესტაბილიზაციის შესაქმნელად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ეუთო-ს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისთვის.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, არ წყდება სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე ჩანს მცდელობები, დაკნინდეს ეუთო/ოდირის როლი, მისი საქმიანობისა და შეფასებების მნიშვნელობა.

„მსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ პრინციპების დაცვის აუცილებლობას, რაზეც ეს ორგანიზაციაა დაფუძნებული. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეუთო-ს საქართველოს მთავრობის მოწვევით საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორმა მილიონმა მოქალაქემ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლის თანდასწრებით დააფიქსირა საკუთრი არჩევანი, არ წყდება სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებით. ვხედავთ ასევე მცდელობებს, დაკნინდეს ეუთო/ოდირის როლი, მისი საქმიანობისა და შეფასებების მნიშვნელობა. ეს ქმედებები გამოიყენება საქართველოში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისისა და დესტაბილიზაციის შესაქმნელად.

მოველით, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა დაეფუძნება ობიექტურ შეფასებებს და შესაძლებლობას მოგვცემს, გავაგრძელოთ მუშაობა და თანამშრომლობა რეკომენდაციების შესრულების მიზნით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.