მაკა ბოჭორიშვილი - ველოდებით, რომ ევროკავშირი გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯს სამართლიანი შეფასების საფუძველზე, წელს საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს
მაკა ბოჭორიშვილი - ველოდებით, რომ ევროკავშირი გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯს სამართლიანი შეფასების საფუძველზე, წელს საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიას სიტყვით მიმართა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

„ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირი გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯს სამართლიანი შეფასების საფუძველზე, წელს საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს და ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროპულ გზაზე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა სესიაზე გამოსვლისას.

სხდომაზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობასა და საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე.

„მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშით ევროკომისიამ ასევე დაადასტურა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. წარმატებულმა რეფორმებმა საქართველო მრავალი თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილად აქცია და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან დააახლოვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის და საქართველოს ორ რეგიონში რუსეთის უკანონო სამხედროების ყოფნის პირობებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სხდომაზე ევროკავშირის საერთო ბაზრის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. აღნიშნულ საკითხზე სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ერთიან ბაზარში საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა.

„გასულ წელს საქართველომ გამოხატა სურვილი, გაწევრიანდეს ერთიანი ევროგადახდის სივრცეში(SEPA). ველოდებით, რომ საქართველოს მიერ საჭირო კრიტერიუმების შესასრულებლად გაწეული ძალისხმევა სათანადოდ და დროულად შეფასდება და ქართულ ბანკებს მიეცემათ შესაძლებლობა, შეუერთდნენ ერთიანი ევროგადახდის სივრცეს, რაც გაზრდის ბიზნესშესაძლებლობებს საწარმოებისთვის და მათ გაუადვილებს წვდომას ფართო ევროპულ ბაზარზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციის, ქართველი სტუდენტებისთვის ევროპაში სწავლის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის და როუმინგის ევროპულ ზონაში საქართველოს ჩართვის საკითხებს.

„ევროკავშირმა უნდა გახსნას ინტეგრაციის რეალური პერსპექტივები ასპირანტი ქვეყნებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის პროცესის რეალურ წინსვლას და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. ევროპის ერთიანი ბაზრის გაფართოება შექმნის ახალ შესაძლებლობებს, რაც მას უფრო ძლიერს და მიმზიდველს გახდის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპის პარლამენტების წარმომადგენლების წინაშე მოხსენებით წარდგა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ჯესიკა როსვალი.

COSAC-ის პლენარულ სესიას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, შვედეთი მასპინძლობს, მასში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტები მონაწილეობენ.

ინფორმაცია საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა.