მაკა ბოჭორიშვილი - უმჯობესია საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება ნორმალურ ჩარჩოში, შანტაჟის ენით ამას ვერაფრით მოვახერხებთ
მაკა ბოჭორიშვილი - უმჯობესია საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება ნორმალურ ჩარჩოში, შანტაჟის ენით ამას ვერაფრით მოვახერხებთ

ნიშანდობლივია, რომ, ერთი მხრივ, ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება, აღდგეს დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ხოლო მეორე მხრივ, როგორ შეიძლება, კვლავ იქნეს გამოყენებული შანტაჟის მექანიზმი საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ბოჭორიშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას: „ელოდებით თუ არა, რომ მანამდე თუ ვიქტორ ორბანი იყო შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს მაღალჩინოსნებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების თვალსაზრისით, ახლა, უნგრეთში ახალი პრემიერის პირობებში, ეს ბარიერი მოიხსნება?“ ბოჭორიშვილმა აღნიშნა:

„თუ საუბარია დიალოგის აღდგენაზე, წესით, ამაზე აღარ უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ უნდა დააშანტაჟო საქართველო და საქართველოს ხელისუფლება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გარკვეული ინტერესიც არსებობს მსგავსი ნაბიჯების მიმართ, მათ შორის იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც უნგრეთში მოხდა. თუმცა არ მგონია, ამას საფუძველი ჰქონდეს და არსებობდეს რაიმე რესურსი ამ მიზნის მისაღწევად, თუკი ვინმეს აქვს მიზანი, რომ ევროკავშირის დონეზე სანქციები დაუწესოს საქართველოს ან საქართველოს ხელისუფლებას.

თქვენ გახსოვთ ყულევის საკითხიც, იქაც იყო მცდელობა. ჩვენ არაერთი უსამართლო ნაბიჯი ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა დღევანდელ პირობებში ძალიან რთულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ისეთი კონსენსუსის მიღწევა, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება. კარგად ვიცით, რომ არსებობენ ქვეყნები და კონკრეტული წარმომადგენლები, რომლებიც სიამოვნებით განახორციელებდნენ ამას, თუმცა ასევე ვიცით, რომ გაცილებით მეტი ქვეყანაა, რომლის ხელისუფლებაც აცნობიერებს იმ მიდგომების არასამართლიანობას, რაც საქართველოს მიმართ გამოიყენება. ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რამე რეალური საფუძველი ჰქონდეს ასეთი მიზნების განხორციელებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, უმჯობესია საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება ნორმალურ ჩარჩოში. მისი აზრით, შანტაჟის ენით ამის მიღწევა შეუძლებელია.

„ევროკავშირის მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არავის აიძულებს საკუთარი ოჯახის წევრობას. ასეთი მუქარებით საუბარი ცოტა სხვა რეალობას ხატავს და სხვა აღქმას ტოვებს ჩვენს საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში. თუ ძალადობაზე არ ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ ნებაყოფლობით ურთიერთობაზე, აქ არაფერი გვაქვს დასაძალებელი. ნებაყოფლობით შეგვიძლია, დავსხდეთ და ვისაუბროთ, რა სჭირდება ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, გადაცემის წამყვანმა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თურქეთში გაკეთებულ განცხადებაზეც, რომ „ბრიუსელი, ევროკავშირის ხელმძღვანელობა აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. რის საფუძველზე კეთდება ასეთი შეფასება? გამოხატავენ თუ არა ევროპელი პარტნიორები თქვენთან შეხვედრებისას ურთიერთობების ნორმალიზების სურვილს?“ რაზეც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა:

„დიახ, რა თქმა უნდა. ეს შეფასება არის სწორი და ასახავს იმ პროცესებს, რომლებიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის, ბრიუსელის ურთიერთობებში, რაც გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. ჩვენ ვიცით პირდაპირი მითითებები, მათ შორის კაია კალასის მხრიდან, რომ კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები არ შეხვედროდნენ ქართველ კოლეგებს და ამით შეფერხებულიყო ორმხრივი ურთიერთობები. ეს საკითხი არ ეხება მხოლოდ საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობას, საუბარია საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. ასეთი მცდელობები იყო. თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი არსებობს და გამოიყენება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დგას. ამის საჭიროება არის საქართველოს მხრიდან და აქვს ევროპულ მხარესაც. ეს ტენდენცია სრულად, რა თქმა უნდა, არ განხორციელებულა არც იმ დროს, როცა ასეთი ინტენსიური ინსტრუქცია არსებობდა კონკრეტული პირების მიერ, თუმცა გარკვეული ცვლილებები ახლა ალბათ შერბილებულია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.