მაკა ბოჭორიშვილი – უცნაურია, როგორ შეიძლება, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ არ ელაპარაკები მას და მის ხელისუფლებას, რომელიც ხალხმა აირჩია

00:21, 10.07.2025

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს. პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან დიალოგის სურვილი უნდა იყოს, ქართული მხარე დიალოგისთვის ღიაა.

„ევროკავშირის პოლიტიკაზე როდესაც არის საუბარი, ერთი რამ ფაქტია, რომ ძალიან ხშირად ვხედავთ არასწორ სტრატეგიებს და მიდგომებს. ბოლო პერიოდში რთულია, გაიგო, რა არის ევროკავშირის პოლიტიკა, თუნდაც რეგიონთან დაკავშირებით. რამდენად არის საფუძვლიანი, კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები, როდესაც საქმე ეხება საქართველოს. წარმოუდგენელია, თქვა, რომ კი, მე მინდა, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ მე თქვენ არ გელაპარაკებით. უცნაურია, როგორ შეიძლება, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ მას არ ელაპარაკები? არ ელაპარაკები იმ ხელისუფლებას, რომელიც ხალხმა აირჩია. წარმოუდგენელი რეალობაა, რომ დიალოგის გარეშე მოხდეს რაღაც საერთო ინტერესებზე საუბარი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე, როგორმე სულ სხვა მიზნებით გამოიყენონ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ჩვენ ეს ვნახეთ. ჩვენ შევეცადეთ, რომ სწორედ ეს შევაჩეროთ. ამ მიზნებისთვის არ იყოს ევროინტეგრაცია გამოყენებული და არ დაზიანდეს პროცესი. ღრმად მჯერა, რომ საქართველოს და ევროკავშირს გვაქვს საერთო მიზნები და საერთო ინტერესები, უბრალოდ, ამაზე უნდა ვისაუბროთ.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვართ ღია დიალოგისთვის, მზად ვართ, ნებისმიერ დროს ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ. დასამალი არაფერი გვაქვს. ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას. ყველაფერი, რაც უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს, ჩვენთვის მიუღებელია. დიალოგს სჭირდება ორი მხარე და ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს ამის ინტერესი და სურვილი. თუმცა, როდესაც ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტად გამოიყენება, რომ რაღაც ერთდღიანი ახალი ამბები აიგოს და მხოლოდ ერთი დღე ისაუბრონ აქ ოპოზიციურმა არხებმა, ასეთ რეჟიმში ძალიან რთულია სერიოზული საუბარი სამომავლო გეგმებზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი