მაკა ბოჭორიშვილი - სწორედ ახლა არის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის სწორი მომენტი
მაკა ბოჭორიშვილი - სწორედ ახლა არის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის სწორი მომენტი

აღმოსავლეთ პარტნიორობამ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების შესახებ შეთანხმება მოუტანა და ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა მისცა, – განაცხადა  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ, ასამბლეის თანათავმჯდომარეე მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე ასამბლეის თანათავმჯდომარესთან, ანდრიუს კუბილიუსთან ერთობლივი ონლაინ-კონფერენციის დროს.

მან რეგიონში უსაფრთხოების და ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის მაგალითი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევაა.

„ეს საკითხები მეტ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ახლა არის დრო, როცა მომავალზე უნდა ვიფიქროთ და განვსაზღვროთ, თუ საით უნდა წავიდეთ. საქართველომ უკვე განაცხადა 2024 წლის გეგმების შესახებ. მოლდოვა და უკრაინაც ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან. ვფიქრობთ, სწორედ ახლა არის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის სწორი მომენტი. აღმოსავლეთ პარტნიორობამ მომავალი სტრატეგიული ხედვა უნდა შეიმუშავოს და ამბიციურ პარტნიორებს მეტის გაკეთების შესაძლებლობა მისცეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც ასამბლეის თანათავმჯდომარემ აღნიშნა, არსებული გამოწვევების გარდა, სესიის ფარგლებში დელეგატებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე და იმ სურვილებზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ფორმატი.

საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ასამბლეის თანათავმჯდომარეებს, მათთვის საინტერესო შეკითხვებით, ონლაინ პლატფორმის საშუალებით საქართველოს პარლამენტიდან მიმართეს.

შეკითხვები ძირითადად, მომდევნო წლებში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პრიორიტეტებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტს და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ეხებოდა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.