მაკა ბოჭორიშვილი – შეგვიძლია, სტრატეგიული მოთმინებით დაველოდოთ, როდის გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ ევროპული მომავლისთვისაც
საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ თავად ევროპული მომავლისთვისაც არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე, დაკავშირებადობასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ობიექტური მოცემულობაა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია.
„გეოგრაფია არის გეოგრაფია, ეს არის მოცემულობა, რომელიც არსებობს და რომლის იგნორირება უბრალოდ არ გამოვა. მათი საქმეა, როგორ განავითარებენ დაკავშირებადობას, მაგალითად, ცენტრალური აზიის მიმართულებით საქართველოს გარეშე. ეს ძალიან მარტივად გასაგები და ასახსნელია და მხოლოდ რუკაზე შეხედვა სჭირდება, როდესაც საუბრობ დაკავშირებადობაზე და ესაუბრები ცენტრალურ აზიას, თუ როგორ უნდა დაუკავშირდე მას, მარტივად რუკაზე დახედვით ჩანს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს, თუმცა მისი შემდგომი განვითარებისთვის ორივე მხარის ნებაა საჭირო.
„ევროპას და ევროკავშირს რაც შეეხება, ევროკავშირთან საქართველოს აქვს ძალიან მტკიცე და სოლიდური საფუძველი ურთიერთობების. ჩვენს ურთიერთობას, რა თქმა უნდა სჭირდება მომავალში განვითარება, მაგრამ ამას ორივე მხრიდან სჭირდება ნება ამ ურთიერთობების განვითარების“, – აღნიშნა მინისტრმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული კურსი უცვლელია და ქვეყანას შეუძლია „სტრატეგიული მოთმინებით“ დაელოდოს იმ მომენტს, როდესაც ბრიუსელი საქართველოსთან დიალოგის მნიშვნელობას სრულად გააცნობიერებს.
„საქართველოს ყოველთვის აქვს განსაზღვრული ეს სტრატეგიული მიმართულება და ჩვენ სტრატეგიული მოთმინებით შეგვიძლია დაველოდოთ, თუ როდის გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ თავად ევროპული მომავლისთვისაც არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის. თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და დრო, დაველოდოთ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ვალდებული არიან, გააცნობიერონ და იზრუნონ საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირის მომავალი კავშირების გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით, ამაზე დაფიქრდებიან და გააცნობიერებენ. მანამდე ჩვენ ნამდვილად გვაქვს ჩვენი საქმე გასაკეთებელი – ძალიან ბევრი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი კავშირები, რაც, კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებშია და საქართველოსთვის იქნება სიკეთის მომტანი, არამედ საერთო ევროპული ინტერესიც არის ეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.