მაკა ბოჭორიშვილი - შესაძლოა, საზოგადოებას ორგანიზაციების დაფინანსება საერთოდ არ აინტერესებდეს, თუ ორგანიზაციას არ ექნება ამბიცია, ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე
მაკა ბოჭორიშვილი - შესაძლოა, საზოგადოებას ორგანიზაციების დაფინანსება საერთოდ არ აინტერესებდეს, თუ ორგანიზაციას არ ექნება ამბიცია, ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე

შესაძლოა, საზოგადოებას ორგანიზაციების დაფინანსება საერთოდ არ აინტერესებდეს, თუ ამ ორგანიზაციას არ ექნება ამბიცია, ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, – ასე უპასუხა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემის „გადაწყვეტილება“ წამყვანის შეკითხვას, რაში სჭირდება საზოგადოებას იმის ცოდნა, რისთვის იღებენ დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციები და რაში ხარჯავენ ფულს?

„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ისეთ ვითარებაზე, როდესაც გაზრდილია სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და ჩვენც ვხსნით კარს, იმავე ცხრა ნაბიჯის განხილვის პროცესში კარს ვხსნით პარლამენტში და ვპატიჟებთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა მათი აზრი მოვისმინოთ. რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა ინტერესები დგას პოზიციების უკან, რომელიც გამოითქმის მაგიდასთან, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ?“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეკითხვაზე, რატომ ესწრებიან ამა თუ იმ საკითხის განხილვის პროცესს ის ორგანიზაციები, რომელთა მიმართებაშიც ეჭვი არსებობს, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ, გარკვეულწილად, ეჭვი არსებობს, თუმცა ეჭვი ერთადერთი საფუძველი არ არის და საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, რა ორგანიზაციები მონაწილეობენ ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში და რა ინტერესებით.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ კარგია, თუკი საზოგადოებას ეცოდინება, რა ორგანიზაციები რა ინტერესებით მოქმედებენ საქართველოში.

„მაგალითად, მე მინდა ავაშენო ჰესი. გამოვიდნენ გარკვეული ორგანიზაციები, ზოგი გარემოს იცავს, ზოგი სხვა რამეს და საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, რა ინტერესები დგას ამ ყველაფრის უკან და რა ინტერესების გაჟღერება ხდება, რომელიც შემდგომ მე უნდა გავითვალისწინო? რა არის ამაში ცუდი, თუკი საზოგადოებას ეცოდინება, რა ორგანიზაციები რა ინტერესებით მოქმედებენ საქართველოში?“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს საფრთხეთა პრევენციის ამოცანა და დგას თუ არა რეალურად უსაფრთხოების პრობლემა, გადაცემის სტუმარმა თქვა, რომ უსაფრთხოება ფართო ცნებაა, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობა იყოს მედეგი და უფრო მეტად გაუმკლავდეს დეზინფორმაციას.

„როგორ უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, თუ გამჭვირვალედ არ გვექნება გარკვეული წვდომა ინფორმაციაზე?“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, განსხვავება, რაც შეიძლება, იყოს თუნდაც FARA-ს, ფრანგულ კანონს და კიდევ სხვა კანონებს შორის, არის ის, რომ ეს კანონები კიდევ უფრო შორს მიდის.

„ჩვენ, გარკვეულწილად, რაღაც მინიმალურ ეტაპზე ვჩერდებით გამჭვირვალობის და ამ კანონპროექტში სხვა არანაირი მექანიზმი არ არის ჩადებული, რაც, ვთქვათ, საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში რამე მექანიზმს აამუშავებდა რომელიმე ორგანიზაციის წინააღმდეგ. ამაზე ხომ არ ვსაუბრობთ? არ ვსაუბრობთ არა იმიტომ, რომ საფრთხეს დავინახავთ, გავჩერდებით და არაფერს არ გავაკეთებთ? არ ვსაუბრობთ ერთი რამის გამო – ამ კანონმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქმიანობაში არანაირად არ უნდა შეუქმნას რამე საფრთხე. ეს არსი დევს ამ კანონპროექტში, რომ ეს არ უნდა იყოს მათი საქმიანობისთვის ხელის შემშლელი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რამხელა წინააღმდეგობაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.