მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრებზე განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მალტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მალტის რესპუბლიკაში შეხვედრებზე სხვადასხვა საკითხს განიხილავენ, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში მალტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„მალტის რესპუბლიკის პარლამენტში შეხვედრები მიმდინარეობს, სადაც განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებს. ასევე საკითხებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მალტის მხარდაჭერა და მალტის პარლამენტში არსებული პოზიციები, რაც გავლენას იქონიებს მალტის პოზიციაზე, როცა საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირში გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მალტის რესპუბლიკას ეწვია. დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ქეთევან თურაზაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი.