მაკა ბოჭორიშვილი - სასურველია, დიპლომატები არ ეხვეოდნენ სკანდალებში და იცავდნენ ვენის კონვენციას, ვიმედოვნებ, მსგავს საკითხებს გავლენა არ ექნება საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე
სასურველია, დიპლომატები არ ეხვეოდნენ სკანდალებში და იცავდნენ ვენის კონვენციას. ვიმედოვნებ, მსგავს საკითხებს გავლენა არ ექნება საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიპლომატები ადგილსამყოფელ ქვეყანაში გარკვეულ წესებს უნდა იცავდნენ.
„ზოგადად, დიპლომატები ადგილსამყოფელ ქვეყანაში იცავდნენ წესებს, იცავდნენ ვენის კონვენციას. სასურველია, დიპლომატები არ ეხვეოდნენ მსგავს სკანდალებში, რაც, ბუნებრივია, შემდგომ გარკვეულწილად აისახება ხოლმე ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. მე იმედი მაქვს, რომ მსგავს საკითხებს გავლენა არ ექნება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით 4 აგვისტოს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო.
მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი“ და ამ დროისთვის თანხა სრულად გასტუმრებულია.