მაკა ბოჭორიშვილი - სასურველი იქნებოდა, უკრაინული მხარე იმ განცხადებებს გაემიჯნოს, რომელიც მანამდე ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მიერ გაკეთდა
უკრაინული მხარე ოფიციალურად აცხადებს, რომ მათ სურვილი არ აქვთ, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, თუმცა სასურველი იქნებოდა, ამავე განცხადებით იმ განცხადებებს გაემიჯნონ, რომლებიც მანამდე ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“.
„სასიამოვნოა, როცა უკრაინის საგარეო უწყება ოფიციალურად მსგავს განცხადებას აკეთებს და ემიჯნება იმ განცხადებებს, რომლებიც მანამდე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ, რაც ეხებოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, საქართველოს პოტენციურ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში და ა.შ. ამ ყველაფერმა გამოიწვია აღშფოთება ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკოსებში. უკრაინული მხარე ოფიციალურად აცხადებს, რომ მათ ასეთი სურვილი არ აქვთ, თუმცა სასურველი იქნებოდა, ამავე განცხადებით იმ განცხადებებს გაემიჯნონ, რომლებიც მანამდე ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთდა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.