მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფ უზბეკ კოლეგას, ბახტიორ საიდოვს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკ კოლეგას, ბახტიორ საიდოვს შეხვდა, რომელიც თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს და უზბეკეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და პარტნიორობაზე. მათივე ცნობით, აღინიშა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, რამაც ხელი შეუწყო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. ხაზი გაესვა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივ თანამშრომლობას. ამასთან, მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობას. შეხვედრაზე აღინიშნა საპარლამენტო თანამშრომლობის განსაკუთრებული როლი, ასევე ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა კულტურის, განათლების, მეცნიერების, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას.
მინისტრებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გარემოზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2025-2026 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა მაკა ბოჭორიშვილმა, ხოლო უზბეკეთის მხრიდან – ბახტიორ საიდოვმა“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსმ, მიხეილ ყაველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს.