მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან შეუდგა მისიის შესრულებას საქართველოში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები.
აღინიშნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინდოეთის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.