მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით პროცესები სწრაფად მიმდინარეობს, განაცხადი განსახილველად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგიდაზეა
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით პროცესები სწრაფად მიმდინარეობს, განაცხადი განსახილველად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგიდაზეა

საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით პროცესები საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, განაცხადი განსახილველად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგიდაზეა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე განიხილავენ პირველად საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის აპლიკაციას.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სავარაუდოდ წევრი ქვეყნების პოზიციები გამოიკვეთა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იცით, რომ გვჭირდება 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, რომ წინ წავიწიოთ ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. რეალურად, თუკი გადაწყდება, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიენიჭოს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავდივართ ევროკავშირთან ურთიერთობების აბსოლუტურად თვისობრივად ახალ ეტაპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე უნდა ვიფიქროთ და დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ეს რა თქმა უნდა, არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი, თუმცა დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ საქართველოზე და საქართველოს მხრიდან განხორციელებულ რეფორმებზე, მეორე მხრიდან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერზე, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მზაობაზე, რომ შემდგომი გაფართოების ტალღა უკვე იყოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მონაწილეობით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპარლამენტის მხრიდან ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა, როდესაც საკითხი შეეხებოდა ევროკავშირში ინტეგრაციას.

„საპარლამენტო განზომილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ევროპარლამენტის მხრიდანაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ევროპარლამენტის მხრიდან ყოველთვის გვქონდა ძალიან ხმამაღალი მხარდაჭერა, როდესაც საკითხი შეეხებოდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირში. ეს არაერთხელ აქვს ევროპარლამენტს გაცხადებული რეზოლუციებში, მათ შორის საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციებში, ორი წლის წინაც მათ შორის, გასულ თვეშიც, როდესაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ. ეს საკითხი მუდმივად დგას ევროპარლამენტის დღის წესრიგში. ახლა როდესაც გადავდივართ ახალ ეტაპზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნები უშუალოდ განიხილავენ ჩვენს განაცხადს, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებიდან და ევროპარლამენტიდანაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი პარიზში, სადაც მქონდა შესაძლებლობა 27-ვე წევრი ქვეყნის პარლამენტის დელეგაციებს შევხვედროდით და გაგვეჟღერებინა ჩვენი პოზიციები და დღეს უკვე სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტი იკრიბება პლენარული სესიისთვის და რა თმა უნდა, უკრაინა არის ის საკითხი, რომელიც ფარავს ყველანაირ დისკუსიას ევროკავშირში და დღეს უკვე საქართველო და მოლდოვა უკრაინასთან ერთად გაფართოების კონტექსტში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.