მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის საერთაშორისოდ აღიარებული, საერთაშორისო ნორმების საწინააღმდეგოდ მოქმედებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის საერთაშორისოდ აღიარებული, საერთაშორისო ნორმების საწინააღმდეგოდ მოქმედებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

აბსოლუტურად მიუღებელი ნაბიჯია, რაც გადადგა ლუკაშენკომ და ამას ექნება რეაგირება ქართული მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის დარღვევა არის მიუღებელი.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის საერთაშორისოდ აღიარებული და ყველა, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს და საერთაშორისო ნორმების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, რა თქმა უნდა ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც ცნობილია, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა.