მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს საქართველო უფრო მყარად დგას და უკეთ პოზიციონირებს, მათ შორის საგარეო ასპარეზზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საგარეო ზეწოლის პირობებში გატარებულმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ საქართველოს პოზიციები გაამყარა. მინისტრმა აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.
„როდესაც ჩვენი ქვეყანა რეალურად მოექცა ეპიცენტრში და ერთგვარად საგარეო ჩარევების, საგარეო აქტორების მხრიდან განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გავხდით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო მყარად დგას და უკეთ პოზიციონირებს, მათ შორის საგარეო ასპარეზზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის შეფასებით, მიღწეული შედეგები ქვეყანას საშუალებას აძლევს, განაგრძოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელება.
„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შევძელით და დღეს უკვე ვდგამთ იმ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის უკეთ პოზიციონირებას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და იმ მიზნების მიღწევას, რაც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურ განვითარებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.